ალიევმა ევროპარლამენტს "კორუფციონერთა ბუდე“ უწოდა და მუსლიმურ ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა
ალიევმა ევროპარლამენტს “კორუფციონერთა ბუდე“ უწოდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროპული ინსტიტუტები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო პროცესის პარალელურად სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას გააგრძელებს.
ალიევი 15 სექტემბერს ბაქოში შეხვდა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მუსლიმურ რელიგიურ სამმართველოთა ხელმძღვანელთა საბჭოს წევრებსა და დამკვირვებლებს, იაჰია ბაქუვის სახელობის საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორებსა და კავკასიის ხალხთა უმაღლესი რელიგიური საბჭოს წარმომადგენლებს.
ბრალდებები ევროპული ინსტიტუტების მისამართით
ალიევმა ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი სომხეთის მხარდაჭერასა და აზერბაიჯანის მიმართ ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა. ევროპარლამენტს მან „კორუფციონერთა ბუდე“ უწოდა.
„ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ევროპარლამენტი კორუფციონერთა ბუდეა“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის სახლში მილიონობით დოლარით სავსე ჩემოდნები აღმოაჩინეს, თუმცა საქმე, მისი განცხადებით, ისე დასრულდა, თითქოს არაფერი მომხდარა, ალიევმა ბერძენი დეპუტატი ქალი იგულისხმა.
„რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? მის წინააღმდეგ რაიმე ზომები მიიღეს? არა. პასუხისგებაში მისცეს? არა. გაათავისუფლეს. სწორედ ასეთი ისლამოფობებისგან შედგება ევროპარლამენტი და ეს ყოველთვის უნდა იყოს ყურადღების ცენტრში“, – თქვა მან.
ალიევმა აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის სექტემბერში ყარაბაღზე სრული კონტროლის აღდგენა მოგვიანებით აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ბაქოს სამხედრო ოპერაციაზე პასუხი იყო.
საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც 2024 წლის იანვარში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებაზე უარი თქვა. PACE ევროპის საბჭოს ორგანოა და არ წარმოადგენს ევროკავშირის ინსტიტუტს, განსხვავებით ევროპარლამენტისგან.
PACE-ის გადაწყვეტილების საფუძვლად მომზადებულ ანგარიშში მიზეზების უფრო ფართო ჩამონათვალი იყო წარმოდგენილი. მათ შორის საუბარი იყო ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, პოლიტპატიმრების შესახებ ცნობებზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავებებზე, მონიტორინგისთვის შექმნილ დაბრკოლებებსა და საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მიუწვევლობაზე. დოკუმენტში ასევე იყო ნახსენები ყარაბაღში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია და რეგიონის სომეხი მოსახლეობის გასვლა.
სამშვიდობო პროცესი და სამხედრო ძალა
ალიევმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, სომხეთთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესი გრძელვადიან ხასიათს მიიღებს.
ამასთან, მისი თქმით, წარსული ომი და მასშტაბური ნგრევა არ იქნება დავიწყებული და აზერბაიჯანი უსაფრთხოების საკითხებში სიფხიზლის შენარჩუნებას გააგრძელებს.
პრეზიდენტმა სამხედრო ძალა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთ გარანტიად დაასახელა.
მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის ფაქტორის მზარდი მნიშვნელობა აზერბაიჯანისგან თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას მოითხოვს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული კონფლიქტების გაფართოების საკითხი. ალიევმა ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას თურქულ სამყაროსა და კავკასიაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.
მოწოდება რელიგიური სოლიდარობისკენ
ალიევმა განაცხადა, რომ ისლამური სამყაროს წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს და მის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ისლამოფობია დაასახელა.
მისი თქმით, ამ ზეწოლის მთავარი პასუხი მუსლიმური ქვეყნების სოლიდარობა უნდა იყოს.
„მცდელობები, მოახდინონ მუსლიმური სამყაროს დისკრედიტაცია და მისი გაშავება, გააიგივონ ის ტერორიზმთან, შეურაცხყონ ჩვენი ღირებულებები და წმინდა ყურანი – როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება? არა. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა. რას შეგვიძლია დავუპირისპიროთ მას? მხოლოდ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მოწოდება ერთიანობისკენ მხოლოდ ლოზუნგი არ არის“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი ერთ-ერთი იშვიათი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც ევროპული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობს.
„ამიტომ ვიცით, რა ხდება იქ. ევროპის საბჭოს წევრობისას ამ უსამართლობას შევხვედრივართ, ახლაც ვაწყდებით და, ალბათ, მომავალშიც შევხვდებით“, – თქვა მან.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ „ქვეყნის გაშავების კამპანია“ არ შეწყდება, რადგან, მისი თქმით, ბაქო არავის წინაშე არ იხრება, ღიად გამოხატავს საკუთარ პოზიციას და იცავს ეროვნულ იდენტობასა და ცხოვრების წესს.
„ჩვენ ვიცავთ მორალს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ჩვენს წინააღმდეგ ეს კამპანიები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რელიგიურ ლიდერებს მუსლიმურ ქვეყნებში განსაკუთრებული როლი აქვთ.
„მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ ასეთია: ყველა უნდა ვისწრაფოდეთ ერთიანობისკენ. როგორც უკვე ვთქვი, რელიგიური მოღვაწეების სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა მუსლიმური ქვეყნისთვის“, – განაცხადა მან.
ალიევმა ასევე თქვა, რომ მომავალ წელს ბაქო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს უმასპინძლებს. მან რელიგიურ ლიდერებს მოუწოდა, საკუთარ თემებში მშვიდობასა და თანამშრომლობას შეუწყონ ხელი.