სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გაზიარება
გაზიარება
გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა მიესაჯა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს მისთვის ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებოდა ბრალად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
პროკურატურა ლილუაშვილს ქრთამის აღების ოთხ ეპიზოდს ედავებოდა.
პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბერს ეხებოდა. პროკურატურის განცხადებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორის, ჩაღათაი ულქერისგან, იმჟამინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, 1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. უწყების ვერსიით, თანხა უკავშირდებოდა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ლობირებას.
მეორე ეპიზოდის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში ლილუაშვილმა, კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008“-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1.5 მილიონი ლარი მოსთხოვა და მიიღო.
მესამე ეპიზოდი 2021-2023 წლებში საქართველოში მოქმედ ქოლ-ცენტრებს ეხებოდა. პროკურატურის განცხადებით, ლილუაშვილი „საქართველოში დარჩენილი ქოლ-ცენტრების მცირე ნაწილის“ მფარველობას ახორციელებდა მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის, მეშვეობით.
უწყების ცნობით, ამ საქმიანობიდან ლილუაშვილმა, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, ქრთამის სახით დაახლოებით 1.365 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს უკავშირდებოდა.
პროკურატურის ვერსიით, ლილუაშვილი საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა გვანცელაძეს. უწყების განცხადებით, გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისას მეწარმე სუბიექტებისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“, იღებდა.
პროკურატურის თანახმად, ლილუაშვილი-გვანცელაძის სქემაში გვანცელაძეს სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.