თბილისში Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
Trump Tower-ის პროექტი
თბილისში, მთაწმინდის პარკში, Trump Tower-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. 62-სართულიანი ცათამბჯენი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი Downtown Tbilisi-ის კომპლექსის ნაწილი იქნება.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ასობით ადამიანი მივიდა, რის გამოც სტუმრების ნაწილს ღონისძიების განმავლობაში ფეხზე დგომა მოუწია.
ღონისძიების მონაწილეებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა.
„პროექტებს როცა ვახორციელებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კლიმატი. ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა. გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს მამაჩემი“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

პროექტის პრეზენტაციისას სიტყვით გამოვიდნენ Trump Tower-ის მშენებლობაში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მისი თქმით, კომპლექსის საერთო ფართობი დაახლოებით 600 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. კობახიძის ინფორმაციით, Trump Tower 62 სართულიანი და 282 მეტრის სიმაღლის იქნება. მისი დასრულება 2031 წლისთვის იგეგმება, ხოლო მთლიანი უბნის – 2033 წლისთვის.
„ეს გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს შესძენს ახალ მიზიდულობას მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით“, – განაცხადა კობახიძემ.

პროექტის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი “უკვე დღეიდან შექმნის” ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ “სიმაღლეზე აიყვანს” ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას.
პრეზენტაციისას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტში ჩართული კომპანიების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი.
ღონისძიების პარალელურად ტერიტორიაზე დრონების შოუ გაიმართა, რომლის დროსაც ცაზე წარწერა „Trump Tower Tbilisi“ გამოჩნდა. საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

პროექტი აპრილში დაანონსდა
Trump Tower-ის თბილისში აშენების გეგმის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის აპრილში გავრცელდა. პროექტის შესახებ თავდაპირველად The Wall Street Journal-მა დაწერა.
გამოცემის ცნობით, თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმებოდა და მის დიზაინზე ამერიკული არქიტექტურული კომპანია Gensler მუშაობდა. The Trump Organization-ის პარტნიორებად დასახელდნენ ქართული კომპანიები „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“ და „ფინვესტ ჯორჯია“, ასევე ამერიკული The Sapir Organization.
The Trump Organization-ის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ შენობა თბილისში ყველაზე მაღალი იქნება. კომპლექსში დაგეგმილია ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო სივრცეები და რესტორნები.
ორგანიზაცია პროექტს რეგიონში Trump-ის ბრენდის ოფიციალური გამოყენების პირველ შემთხვევადაც აღწერდა.
პროექტის ზუსტი ადგილმდებარეობა თავდაპირველად ოფიციალურად არ სახელდებოდა. The Trump Organization მხოლოდ მიუთითებდა, რომ ცათამბჯენი თბილისის ცენტრალური პარკის ხედით, „პრესტიჟულ ადგილას“ უნდა აშენებულიყო.
მედიამ პროექტი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილ მრავალფუნქციურ კომპლექსს დაუკავშირა. ამ ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია განაშენიანების გეგმა, რომელიც შვიდი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს. მათგან ყველაზე მაღალი 79 სართული უნდა იყოს.
ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუ“ კი დაკავშირებულია „ვისოლ ჯგუფთან“ და „ბიოგრაფი ლივინგთან“, რომლებიც Trump Tower-ის პროექტში მონაწილეობენ.
რას წერს The Wall Street Journal
13 სექტემბერს The Wall Street Journal-მა Trump Tower Tbilisi-ის პროექტს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
მასალის სათაური იყო: „Trump Tower-ის უახლესი ადგილი: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“. ქვესათაურში გამოცემა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ თბილისში დაგეგმილი ცათამბჯენის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწა შეიძინეს ფონდისგან, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
WSJ პროექტს განიხილავს არა მხოლოდ როგორც უძრავი ქონების განვითარებას, არამედ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაუარესებისა და საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარების ფონზე.
გამოცემა წერს, რომ მაშინ, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიძაბა, საქართველოში აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებული ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალი პროექტი ხორციელდება.
WSJ-ის სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტისთვის განკუთვნილი მიწის გარიგებას ეხება. გამოცემის ცნობით, Trump Tower-ის პროექტმა ფინანსური სარგებელი მოუტანა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, რომელიც აშშ-მა 2024 წლის ბოლოს დაასანქცირა.
WSJ-ის ინფორმაციით, დეველოპერები მიწის შესყიდვაზე ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებულ ფონდთან 2023 წელს შეთანხმდნენ და გარიგების ღირებულება 85 მილიონ დოლარამდე იყო.