რა შეღავათები დაუწესდება ბიზნესს და რა დახმარებას მიიღებენ ოჯახები
საქართველოში ხელისუფლებამ ახალი საკარანტინო შეზღუდვები დააწესა. ისინი ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და სულ მცირე ორ თვეს გასტანს.
როგორც პრემიერმა თქვა, ბიუჯეტს ბიზნესის და მოსახლეობის მიზნობრივი დახმარების პორტფელი ჯამში 1.1 მილიარდი ლარი დაუჯდება.
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
რა შეღავათებს გეგმავს სახელმწიფო:
● ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, პირველი იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში ყოველ თვე 200 ლარს მიიღებენ. ამისთვის მათ სახელმწიფოს უნდა მიმართონ. მათ ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ. პრემიერის თქმით, პირველი ტალღის დროს ამ დახმარებით ისარგებლა 125 ათასმა ადამიანმა და სავარაუდოდ, იგივე იგივე ციფრი იქნება ამ ტალღაზეც.
● თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას. იგივე დახმარება მიიღეს მათ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს. ესენი არიან ძირითადად საცალო ვაჭრობაში, მოლებში და მაღაზიებში მომუშავე ადამიანები.
პირველი ტალღის პერიოდში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება 250 ათასმა ადამიანმა მიიღო. პრემიერის თქმით, ამჯერად ეს ციფრი ნაკლები იქნება, “სადღაც 100 -120 ათასი ბენეფიციარი“, რადგან სრული “ლოქდაუნი” არ არის გამოცხადებული და ზოგი თვითდასაქმებული აგრძელებს საქმიანობას – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
● ასევე, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება;
“ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ამ სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
● მომდევნო წელს ტურისტული სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ასევე ჩამოეწერება საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პირველი ტალღის დროს (2020 წელს, ოთხი თვით) გადაუვადდათ;
● სარესტორნო ბიზნესს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაუფარავს;
● შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება 1 500 ლარამდე ხელფასი. პრემიერის თქმით, ეს დამსაქმებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეღავათია. “პირველი ტალღის დროს ამ დახმარებამ დაფარა 33 ათასი კომპანია და შეეხო 425 ათას დასაქმებულს. საუბარია დაახლოებით 260 მილიონ ლარზე,” – ათნიშნა გახარიამ.
● სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
● კომუნალური გასახადების სუბსიდირება 4 თვის განმავლობაში. მსგავსი პროგრამა მთავრობამ პანდემიის პირველი ტალღის დროსაც წარადგინა და ის მხოლოდ იმ შინამეურნეობებს ეხებოდა, რომლებიც დადგენილ მაჩვენებელზე მეტ ელექტროენერგიას, წყალს, ან გაზს არ მოიხმარდნენ. მაშინ მთავრობას აღნიშნული პროგრამა, დაახლოებით 270 მილიონი ლარი დაუჯდა;