"კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკავშირი სირიასთან მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სირიასთან
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაგზავნილ წერილში დაადასტურა, რომ ევროკავშირი სირიასთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დროს. იმავე დღეს სირიამ ორივე რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაც გამოაცხადა. ამის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურა დაიწყო.
როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, ფონ დერ ლაიენის წერილი კოალიციის მიერ მისთვის გაგზავნილი მიმართვის პასუხია. კოალიცია ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვდა, სირიასთან მოლაპარაკებებისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაეყენებინა ასადის რეჟიმის პერიოდში საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმება.
გვარამიას ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენი წერილში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთგული რჩება. იგი ასევე მადლობას უხდის კოალიციას მიწოდებული ინფორმაციისთვის და ადასტურებს, რომ ევროკომისია სირიის მთავრობასთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს აუცილებლად დააყენებს.
„ურსულა ფონ დერ ლაიენს გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც ვთხოვეთ, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობისას ერთ-ერთ საკითხად მაინც იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ განხილული. გუშინ მოვიდა მისი წერილი, რომლითაც იგი გვიდასტურებს პატივისცემას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გვიხდის წერილისთვის და გვიდასტურებს, რომ არც ერთი მოლაპარაკება სირიასთან, ევროკავშირის მხრიდან მათი დახმარების თვალსაზრისით, არ იქნება იმგვარად წარმართული, რომ არ იქნეს ე.წ. აფხაზეთის საკითხის უკან წაღება“, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სირიას ევროპული დახმარება სჭირდება.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან იმედის მომცემია, რადგან სირიას ძალიან სჭირდება ევროკავშირის დახმარება. ამიტომ ამ ტიპის ზეწოლა ამ გადაწყვეტილების მიღების კუთხით შეიძლება იყოს გადამწყვეტი“, – აღნიშნა მან.
კოალიციის მიერ ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მზადყოფნას, სირიასთან ურთიერთობების განვითარება საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას დაუკავშიროს.
„სამ ათწლეულზე მეტია, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, ხოლო ასადის რეჟიმის მიერ მიღებული აღიარების გადაწყვეტილებები პირდაპირ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს“, – ნათქვამია წერილში.
კოალიცია მიიჩნევს, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, გაუქმდეს ასადის ეპოქაში მიღებული გადაწყვეტილებები და აღდგეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა.
კოალიციამ ევროკავშირს ასევე მოუწოდა, სირიის სახალხო ასამბლეასა და ახალ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში კვლავ დააყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი. ამასთან, კოალიციის განცხადებით, სირიასთან ურთიერთობების გაღრმავებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული ნაბიჯები იმ გადაწყვეტილებების გასაუქმებლად, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ მზად არის, ევროკავშირს ამ პროცესში ინფორმაციის მიწოდებითა და კონტაქტების ხელშეწყობით დაეხმაროს.
30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნაურუს მთავრობამ ოფიციალურად გააუქმა ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
“ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან გაიხმო “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა“ და “აფხაზეთის რესპუბლიკის“, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარება.
შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან.