15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ - მარში აფხაზეთში, ვიდეო
2020 წლის 27 მარტს, აფხაზეთში, დაახლოებით, ასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამართულ ჯვრებით მსვლელობაში.
აფხაზეთში, ჯერჯერობით, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ხელისუფლებამ პრევენციული ზომების მიღება დაიწყო.
27 მარტს, აფხაზეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა დაამტკიცა, თუმცა, საკმაოდ მსუბუქი ფორმით. წინა დღეს, აფხაზეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეაჩერეს და მოსახლეობას მაქსიმალურად სახლში დარჩენისა და ერთმანეთთან კონტაქტის შემცირებისკენ მოუწოდეს.
მაგრამ მარში მაინც გაიმართა.
ბევრმა თან ბავშვიც წაიყვანა და ჯვრებით ხელში, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 კილომეტრი გაიარეს – სოხუმის საკათედრო ტაძრიდან სოფელ კამანის ეკლესიამდე, რომელიც აფხაზეთში წმინდა ადგილად მიიჩნევა.
მსვლელობის ინიციატორი ადგილობრივი საბრძოლო კლუბის, „წმინდა გიორგის“ მწვრთნელი, თეიმურაზ გერგედავა გახდა.
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, ბესარიონ აპლიამ ჯვაროსნული მსვლელობა დალოცა, თუმცა, თავად მასში მონაწილეობა არ მიუღია.
- კორონავირუსი კავკასიაში: განახლებადი
- ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი გახდა, მისი კონკურენტები ერთობლივი მუშაობისთვის მზაობას გამოთქვამენ
იდეის მხარდამჭერის მოსაზრება, რომ საეკლესიო ტრადიციები – ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა:
„ეკლესიების დახურვა არ არის საჭირო. ურწმუნოები და ნაკლებად მორწმუნეები იქ მაინც არ დადიან, სიცხიანი ავადმყოფები კი სახლში სხედან. დიახ, და როდის გადასდებიათ მოსულ ადამიანებს ჯვარზე, ხატებსა და სიწმინდეებზე შეხებისგან ვირუსი? მაგრამ უმეცარს ამას ვერ დააჯერებ და არც არის საჭირო ვინმეს რამე დაუმტკიცო. მიეცი სულელს – სისულელე და გონიერს – გონება“.
გლობალური პანდემიის პერიოდში, მასობრივი შეკრებების შესახებ სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარების უმეტესობა კრიტიკული იყო.
რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„სად არის რეკომენდებული უსაფრთხოების ზომები? რატომ არ იცავთ?“
„რწმენა ყველას გულში აქვს. ამისათვის კარანტინის დროს ქუჩებში სიარული არ არის საჭირო. თუკი საკუთარ თავს არ უფრთხილდებით – გაუფრთხილდით ახლობლებს“.
„მსოფლიოში ყველა ტაძარს კეტავენ, რადგან სასულიერო პირები საკუთარ სამწყსოზე ფიქრობენ! თუკი ჯვაროსნული მსვლელობა სურთ – თვითონ სასულიერო პირებმა გაიარონ“
„ჩვენ ყველამ სახლში უნდა ვილოცოთ. დაე, მათ გამოაცხადონ საერთო ლოცვის დრო!“
“2020 წელს, ნობელის პრემია მედიცინაში გადაეცემა აფხაზეთს“