მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
პრემიერის განმარტებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
“მარნეულში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დრო, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი.
სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ესაა ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში:
23 მარტიდან ორივე მუნიციპალიტეტში იზღუდება შესვლა და გამოსვლა.
იხურება ყველა ობიექტი, სასაურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
“ჯეოჰოსპიტალში,” საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე მკურნალობდა, კარანტინია გამოცხადებული.
“ჯეოჰოსპიტალის” სიახლოვეს საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.
კლინიკა “ავერსი” ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და მარნეულის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას შეძლებს.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმსა და წესრიგს შსს დაიცავს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იკრძალება გადაადგილება იმ შემთხვევების გარდა, როცა ადგილობრივებს საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება სჭირდებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, ორივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს.
მარნეულსა და ბოლნისში შესასვლელი გზები ამ დროისთვის უკვე დაკეტილია.
22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.
54 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა.