საქართველოში რეგულაციები გამკაცრდა: სპორტულ ღონისძიებებსა და ტრენინგებზე საჭიროა PCR ტესტი
საქართველოს მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, 19 ივლისიდან კონფერენციებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
დადგენილებაში შესატან ცვლილებებს ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
____________________________________________________________
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ
_____________________________________________________________
საქართველოში ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1653 შემთხვევა და დაიღუპა 13 პაციენტი.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, რაც კიდევ უფრო მოიმატებს.
“იცით, რომ ბრიტანეთში მთლიანად ჩაანაცვლა ბრიტანული შტამი დელტა შტამმა, ევროპაშიც მიდის ეს პროგრესიით და პროგნოზია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოსკენ მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენთანაც დაახლოებით ეს ტენდენცია იქნება, აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით. ამას ვერ შევაკავებთ, მხოლოდ უნდა დავიცვათ ის პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციები, რასაც ვაჟღერებთ, თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ კიდევ ფართომასშტაბიან მეოთხე ტალღაში”, – თქვა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ლოკდაუნზე მსჯელობა არაა, მსჯელობა მიდის არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე:
“მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს. და რაც მთავარია, ამ ხუთი რეკომენდაციის დაცვაზე – ეს არის პირბადე ყველგან, დახურულ შენობაში და ღია სივრცეებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი ერთად ვიკრიბებით, აუცილებელია. დისტანციის დაცვა, სანიტარიზაცია, დიდი თავყრილობებისთვის თავის არიდება – ეს არის ჩვენი ყველაზე სუსტი ადგილი, რომ საქართველოში, მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, მაინც გვაქვს დიდი თავყრილობები.”
_______________________________________________
● საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა
● კორონავირუსის „დელტა“ და „ალფა“ შტამებმა აზერბაიჯანამდეც მიაღწია
______________________________________________
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ნელი ტემპით მიმდინარეობს. 16 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 334 199 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 126 171 ადამიანი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3%-ია.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.