"ის ფინანსურად ანგრევს მედიას" - ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა" 33-წევრიან სიაშია
ივანიშვილი RSF-ის სიაში

პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, წელსაც მოხვდა ორგანიზციის – “რეპორიორები უსაზღვრებოდ” (RSF) გამოქვეყნებულ “მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში”.
სიაშია “მედიის თავისუფლების მტაცებელი” 33 პირი, რომელთა სამიზნედაც 2026 წელს მედია იქცა.
- გერმანული ფონდები ქვეყნიდან მიდიან. რას ნიშნავს საქართველოსთვის კრიზისული ურთიერთობები ბერლინთან
- “ქართული ოცნება” კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს – უცხოურ ფონდებთან ნებისმიერი თანამშრომლობა კრიმინალიზდება
- TI: საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვისა და ფრაზის გამოყენება აუკრძალა
ამ სიაში მუდმივ ადგილს ინარჩუნებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ნიკარაგუის ლიდერი დანიელ ორტეგა. სიაში ასევე არიან აზერბაიჯანის ბელარუსის და თურქეთის პრეზიდენტები – ილჰამ ალიევი, ალექსანდრე ლუკაშენკო და რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
“რა აქვთ მათ საერთო? მედიის თავისუფლებისადმი სიძულვილი. მათ ხელთ არსებული “იარაღი” შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მათი მიზნები მსგავსია: დაადუმოს დამოუკიდებელი ხმები და შეზღუდოს ინფორმაციის მიღების უფლება. მედიის გაჩუმების მათ მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს მკვლელობებს, დაპატიმრებებს, პროპაგანდასა და ტროლების არმიას. ეს ირონიული სია აღნიშნავს მედიის მოგუდვის მეთოდების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, – წერს ორგანიზაცია.
წელს მედიაზე თავდასხმების შედეგად, „მედიის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
„მედიაზე მისი თავდასხმები სულ უფრო ხშირად სცდება რიტორიკასა და საჯარო პოლიტიკას და გადადის ჟურნალისტების მიმართ დაწესებულ ფიზიკურ აკრძალვებზე“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
სია ხუთ კატეგორიად არის დაყოფილი. ეს კატეგორიებია: პოლიტიკური, უსაფრთხოება, სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური კატეგორიები.
ივანიშვილი ეკონომიკურ კატეგორიაშია. ალიევი – პოლიტიკურში.
კატეგორიაში – “ეკონომიკური – ისინი ფინანსურად ანგრევენ მედიას” – ბიძინა ივანიშვილთან ერთად არიან: ტექნოლოგიური გიგანტი Alphabet & Meta, ფრანგი მილიარდერი ვინსენტ ბოლორესი.
ასევე, პროკრემლისტური პროპაგანდისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ევროკავშირის მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებისთვის სანქცირებული ვლადიმირ ტაბაკი და კენიის პრეზიდენტი ვილიამ რუტო.
რა წერია RSF-ის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილზე

RSF-ის დოკუმენტში ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი
“ის კვლავ რჩება საქართველოს ხელისუფლების უკან მდგომ რეალურ ძალაუფლებად. მისი ბიზნესიმპერია და გავლენების ქსელი საშუალებას აძლევს, მჭიდროდ აკონტროლოს ქვეყნის მედიალანდშაფტი, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხების – ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით”, – წერია მის პროფაილში.
პროფაილში წერია, რომ მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის პოლიტიკას ემსახურება. ამისთვის გამოიყენება ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა.
დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზებული არიან, მათ აშინებენ და აჩუმებენ.
შემდეგ ჩამოთვლილია 2026 წლის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევები:
- დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, მზია ამაღლობელის, პატიმრობაში დატოვება. უზენაესმა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ასევე უარი ეთქვა ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნაზე.
- ახალი რეპრესიული კანონების მიღება, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეულ ფორმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას;
- კომუნიკაციების კომისიის მანიპულირება იმ ტელეარხების დასასჯელად, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშვალდებულებას სთხოვენ (განსაკუთრებით „ფორმულა TV“ და „ტვ პირველი“). საქმე იქამდეც მივიდა, რომ მათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გარკვეული გამონათქვამების გამოყენება აუკრძალეს.
- ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართლებრივი დავებისა და სანქციების ზრდადი ტენდენცია, მათთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეზღუდვასთან ერთად
ბიძინა ივანიშვილის პროფილში მოყვანილია მისი 2024 წლის ციტატა:
“…ადამიანის უფლებები, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ჩვენ გვაქვს ჯანსაღი სასამართლო, მედია დამოუკიდებელია და ბიზნესი ხელშეუხებელია, ქვეყანა, სადაც ხალხი ცხოვრობს თავისუფლად და აღარ ეშინია პოლიტიკური დევნის”.
“მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში” ბიძინა ივანიშვილი პირველად 2025 წელს მოხვდა.
„ქართული ოცნება“: RSF-ი არის „გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტი
„ქართულმა ოცნებამ“ “მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში“ ბიძინა ივანიშვილის მოხვედრაც “გლობალური ომის პარტიას“ და შეთქმულების თეორიას მიაწერა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ RSF-ი არის „გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტი“, ხოლო პუბლიკაცია – „აბსურდი“.
პარტია კვლავ ნაცნობ მესიჯბოქსს იყენებს და ამბობს, რომ ეს არის ზეწოლა „ეროვნული ძალის წინააღმდეგ”. იმ ძალის, რომელიც ირჩევს „ომის ნაცვლად – მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად – თავისუფლებას და უცხო ძალების გავლენით დიქტატის მოქმედების ნაცვლად სუვერენიტეტს”.
პარტიის პოზიციით, ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის შეყვანა „სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური, – და არა მხოლოდ პოლიტიკური, – ავტორიტეტის მქონე ფიგურა პირადი მაღალი რისკის ფასად იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესსა და სუვერენიტეტს გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს”.
კონტექსტი
ბოლო ორ წელიწადში, განსაკუთრებით 2024 წლიდან, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით შეიზღუდა. ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა, გაიზარდა ჟურნალისტებზე ფიზიკური და სამართლებრივი ზეწოლა, ხოლო ფინანსურმა პრობლემებმა არაერთი დამოუკიდებელი და რეგიონული მედიის არსებობას შეუქმნა საფრთხე.
ძირითადი შეზღუდვები იყო:
- უცხოური დაფინანსების შეზღუდვა: 2024 წელს მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს სპეციალური რეგისტრაცია დაავალდებულა. 2025 წელს მიღებულმა დამატებითმა კანონებმა კი უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის თანხმობა მოითხოვა და მედიას უცხოური დაფინანსება, ფაქტობრივად, აუკრძალა.
- მარეგულირებლის უფლებამოსილების გაფართოება: მაუწყებლობის კანონში ცვლილებებმა კომუნიკაციების კომისიას მედიის საქმიანობასა და შინაარსში ჩარევის მეტი შესაძლებლობა მისცა. კომუნიკაციების კომისიამ ეს ბერკეტი უკვე არაერთხელ გამოიყენა კრიტიკული მაუწყებლების დასაჯარიმებლად.
- ჟურნალისტების დევნა და დაშინება: გახშირდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, მუქარა, დაკავებები და სამართლებრივი დევნა. ამ დროის მონაცემებით, საპატიმროებში ოთხუ ჟურნალისტია, მათგან სამი სისხლის სამართლის ბრალდებით და ერთი ადმინისტრაციული ბრალით.
- სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა: კანონში ცვლილებებმა სასამართლო სხდომების გადაღებისა და გაშუქების შესაძლებლობები შეზღუდა. ბოლო ერთი წელია, აკრძალულია გადაღება არამხოლოდ სასამართლო სხდომების დარბაზებში, არამედ, სასამართლოს დერეფნებსა და ეზოშიც კი.
- პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელის შეშლა: “ქართული ოცნება” ცდილობს, სულ უფრო შეუზღუდოს მისთვის მიუღებელ, დამოუკიდებელი მედიის ჟურნაისტებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა.
ამისთვის არსებობს აკრედიტაციის სისტემა, რომელსაც შემზღუდავ ბერკეტად იყენებენ. პარლამენტის წევრის საცივრის საფუძველზე, პარლამენტს შეუძლია გარკვეული დროით შეუჩეროს ჟურნალისტს აკრედიტაციის მოქმედება.
ერთჯერადი აკრედიტაციების გაცემის წესი კი სულ უფრო ბიუროკრატიული ხდება და სულ უფრო მეტ ჟურნალისტს ეუბნებიან მის გაცემაზე უარს. - ფინანსური ზეწოლა: ბოლო ორ წელიწადში მირებული რეპრესიული კანონების შედეგად, დამოუკიდებელ მედიას შეუმცირდა დაფინანსების წყაროები.
სარეკლამო ბაზარი საქართველოში ისედაც მწირი იყო. ახლა ის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებულია და ტანხის უდიდესი ნაწილი პროსამთავრობო ტელევიზიებში მიდის.
ფინანსური კრიზისის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში დაიხურა ერთი ოპოზიციური არხი, რამდენიმე პატარა რეგიონული მედია. ზოგი გამოცემა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, შემცირებული რესურსებით. ბევრი ჟურნალისტი იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა, ბევრი წავიდა ემიგრაციაში.
ამ ყველაფრის შედეგად, დამოუკიდებელი მედია საქართველოში ერთდროულად აღმოჩნდა სამართლებრივი, ფინანსური და ფიზიკური ზეწოლის პირობებში.
ორგანიზაციის – „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) პრესის თავისუფლების 2026 წლის ინდექსში, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილი დაიკავა. 2025 წელს ქვეყანა 114-ე ადგილზე იყო.
ივანიშვილი RSF-ის სიაში