გაზის ტარიფი იცვლება: მექანიზმი უკვე მიღებულია, ფასს დეკემბერში გავიგებთ
გაზის ტარიფი

მაისში პრემიერი მოსახლეობას გაზის ტარიფის შენარჩუნებას დაპირდა. ოქტომბერში კი პარლამენტმა დაჩქარებული წესით სემეკს უფლება მისცა, მეტი მოხმარებისთვის მეტი აიღოს
საქართველოში გაზის გაძვირება ოფიციალურად ჯერ არავის გამოუცხადებია.
სამაგიეროდ, პარლამენტმა 29 ოქტომბერს მიიღო კანონი, რომლითაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას (სემეკი) შეუძლია ოჯახებს გაზის ტარიფი მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუწესოს.
ახალი ტარიფები დეკემბერში უნდა დადგინდეს.
ხელისუფლება ცვლილებას სოციალური სამართლიანობითა და ენერგიის დაზოგვით ხსნის.
მონაცემებში კი სხვა რამ ჩანს: საქართველო წლიდან წლამდე მეტ გაზს მოიხმარს, იაფი აზერბაიჯანული გაზის მოცულობა ფიქსირებულია და სხვაობას ძვირი, ძირითადად რუსული გაზი ავსებს.
ამ ფონზე საფეხურებრივი ტარიფი ის ინსტრუმენტია, რომლითაც გაზრდილი ხარჯის ნაწილი მომხმარებელზე შეიძლება გადავიდეს ისე, რომ საბაზისო ტარიფი, რომლის შენარჩუნებასაც მთავრობა მაისში დაპირდა, ფორმალურად უცვლელი დარჩეს.
ეს ჯერ ანალიზით მიღებული ვერსიაა. მას დეკემბერში სემეკის მიერ დადგენილი ზღვრები და ფასები დაადასტურებს ან უარყოფს.
რა არის გადაწყვეტილი და რა ჯერ არა
კანონი მესამე მოსმენით 75 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღეს. სემეკს ოჯახებისთვის გაზის ტარიფის მოცულობის მიხედვით დიფერენცირების უფლება 2038 წლის 1 იანვრამდე ეძლევა.
პარლამენტმა კანონი დაჩქარებული წესით, სამ დღეში განიხილა: გაზის მოქმედი ტარიფის ვადა დეკემბერში იწურება და ახალი მოდელი სემეკის წლის ბოლოს გადაწყვეტილებამდე უნდა ამოქმედებულიყო.
● გაზპრომი: 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაიზარდა
● საქართველო – გაზპრომი. გაურკვევლობის ერთი წელიწადი
დღეს ყოველი კუბური მეტრი გაზი ერთნაირი ფასი ღირს, რამდენიც არ უნდა მოიხმაროს ოჯახმა. ტარიფს სემეკი თითოეული გამანაწილებელი კომპანიის მომსახურების არეალისთვის ცალკე ადგენს. „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ძირითადად დედაქალაქის მოსახლეობა, კუბურ მეტრში 53.971 თეთრს იხდიან.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტები 56.928 თეთრს იხდიან. ეს აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის შვილობილია და ქვეყნის უდიდეს ნაწილს ემსახურება, თბილისისა და რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარდა.
„საქორგგაზის“ აბონენტები 56.990 თეთრს იხდიან, მცირე რეგიონული კომპანიის, „თელავგაზის“ აბონენტები კი 58.861 თეთრს.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომისია გაზისა და წყლის ტარიფებს წლის ბოლოს გადახედავს, რადგან მათი მოქმედების ვადა დეკემბერში იწურება. ნარმანიას ცვლილების მიმართულება არ დაუკონკრეტებია.
კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა მოდელის არსი ასე ახსნა: „ვინც მეტს მოიხმარს – მისთვის უფრო მაღალი იქნება“. კონკრეტულ ზღვრებსა და ფასებზე კითხვას ის სემეკისკენ მიუთითებს: „ტარიფს და საბოლოო ფასს სემეკი განსაზღვრავს“.
სემეკი თავის განცხადებაში ამბობს, რომ ცვლილება მოწყვლადი ოჯახების დაცვას, კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობასა და რესურსის რაციონალურ მოხმარებას ემსახურება.
რამდენ ოჯახს შეეხება უფრო მაღალი ტარიფი, არც კომისიას და არც ინიციატორებს არ უთქვამთ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ცვლილებას მხოლოდ სოციალური მიზეზებით ხსნის. გაზის ფასი, იმპორტი, აზერბაიჯანი ან რუსეთი მასში ნახსენები არ არის, ხოლო ავტორები, საპარლამენტო უმრავლესობის ექვსი დეპუტატი, პირდაპირ წერენ, რომ კანონი არც ერთ ხელშეკრულებას არ უკავშირდება.
ოჯახებზე ფინანსური გავლენა ბარათში შეფასებული არ არის, კონსულტაციები არც ექსპერტებთან ჩატარებულა და არც სხვა ქვეყნების გამოცდილება შესწავლილა.
ბარათში ერთი დეტალი მაინც გამოირჩევა: ავტორები წერენ, რომ ახალი მექანიზმი ტარიფების ცვლილებას სხვადასხვა მომხმარებლისთვის ეტაპობრივად გაატარებს. ანუ ცვლილება ბარათში უკვე მოსალოდნელადაა მოხსენიებული.
მაისის დაპირება და ოქტომბრის კანონი
გასული წლის დეკემბერში სემეკი გაზის გაძვირებას გამორიცხავდა.
2025 წლის 17 დეკემბერს ნარმანიამ თქვა: „ბუნებრივი აირის [გაზის] ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს“. Civil.ge-ის ცნობით, კომისიამ მაშინ მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ გაზის ფასი ერთი წლით უცვლელი დატოვა.
2026 წლის 18 მაისს ბაქოში საქართველომ და აზერბაიჯანმა 2003 წლის გაზის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება 20 წლით გააგრძელეს. მეორე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი შეთანხმება მოსახლეობისთვის მოქმედი ტარიფების შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
პირობებს მან „იდეალური“ უწოდა, თუმცა დეტალების გამხელაზე კომერციული საიდუმლოების მიზეზით უარი თქვა. ივნისში კობახიძემ დააზუსტა, რომ საქართველო წელიწადში ისევ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „სოციალურ“ ფასად.
ამ შეთანხმებამდე ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აფრთხილებდა, რომ ძველ პირობებზე გაგრძელების იმედი არარეალური იყო: „მიამიტური მოლოდინია, რომ ვიღაც ხათრით გაგვიგრძელებს ისეთივე პირობებით გაზის მოწოდებას“, უთხრა მან „ბათუმელებს“ აპრილში.
მისი თქმით, ეს გაზი საქართველოს 1000 კუბურ მეტრზე 70-75 დოლარად ჯდებოდა. თუ ფასი 120 დოლარამდე გაიზრდებოდა, ქვეყანა იმავე მოცულობაში წელიწადში დაახლოებით 60-70 მილიონ დოლარს დამატებით გადაიხდიდა.
ახალი ხელშეკრულების ფასი საჯარო არ არის.
ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ მაისში მხოლოდ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, ხოლო დამატებითი გაზის კომერციული კონტრაქტი დღემდე არ არის ხელმოწერილი. „გაზის მოცულობა ვიცით რამდენს მივიღებთ აზერბაიჯანიდან, მაგრამ რა ფასად მივიღებთ დღეს არავინ არ იცის“, – განაცხადა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში.
გოცირიძის თქმით, „შაჰ-დენიზის“ გაზს საქართველო 70 დოლარად ყიდულობდა და ეს შეღავათი წლის ბოლოს მთავრდება. ეს პრემიერის სიტყვებს ეწინააღმდეგება, რომლის თქმითაც „სოციალური“ ფასი შენარჩუნდა. ფასი საჯარო არ არის, ამიტომ ვერც ერთი ვერსია ვერ გადამოწმდება.
„გვატყუებდა ხელისუფლება, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ისეთი კარგი კონტრაქტი გავაფორმეთ, რომ სოციალური გაზის ტარიფი არ გაიზრდებაო“, – ამბობს გოცირიძე. მისი დასკვნით, გაზი ყველას გაუძვირდება: „ფაქტია, გადაწყვეტილი აქვთ ტარიფის მომატება“. ამ მტკიცებას ის მტკიცებულებით არ ამყარებს.
ანალიტიკოსი კახა კახიშვილი უფრო ფრთხილია: „არ ვამტკიცებ, რომ ბუნებრივი გაზის გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – აღნიშნავს ის.
მისი კითხვა ასეთია: თუ მაისში პრემიერი ტარიფების შენარჩუნებას გვპირდებოდა, რატომ გახდა საჭირო ოქტომბერში ახალი მექანიზმის სასწრაფოდ მიღება, თანაც გათბობის სეზონის წინ? „რა შეიცვალა ამ ხუთ თვეში?“, წერს კახიშვილი.
კახიშვილი ასევე უარყოფს იდეას, რომ ვინც მეტ გაზს მოიხმარს, მეტის გადახდაც შეუძლია. ბევრ გაზს ხშირად მრავალშვილიანი ოჯახები, პენსიონერები ან ცუდად დათბუნებულ სახლებში მცხოვრებნი მოიხმარენ.
„ასეთ პირობებში გაზის მეტი რაოდენობით მოხმარება ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა“, წერს ის.
მისი თქმით, ხელისუფლებამ კონკრეტული ციფრები უნდა წარადგინოს: რამდენ ოჯახს შეუნარჩუნდება დღევანდელი ტარიფი და რამდენს გაეზრდება.
იაფი გაზი ფიქსირებულია, მოხმარება იზრდება
სემეკის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ შარშან 3.172 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა.
აქედან 99.6% იმპორტი იყო: 71.7% აზერბაიჯანიდან, 27.9% რუსეთიდან.
რუსეთიდან 886 მილიონი კუბური მეტრი შემოვიდა, 2024 წელთან შედარებით 12%-ით მეტი.
ზრდის მიზეზი თავად მარეგულირებელმა ახსნა.
სემეკის წევრის გივი სანიკიძის თქმით, 2020-2025 წლებში აზერბაიჯანიდან იმპორტი წელიწადში დაახლოებით 2.3 მილიარდ კუბურ მეტრზე იყო, მოხმარება კი 2.6-დან თითქმის 3.2 მილიარდამდე გაიზარდა.
სხვაობა რუსულმა გაზმა შეავსო, რომლის იმპორტი ამავე პერიოდში 204-დან 886 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
რუსული გაზი იაფი არ არის. პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 25 დეკემბრის N2212 განკარგულების მიხედვით, საქართველო პირველ 250 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზში 1000 კუბურ მეტრზე 215 დოლარს იხდის, ამაზე მეტში კი 185 დოლარს. შედარებისთვის, აზერბაიჯანული დამატებითი გაზი, მარგველაშვილის თქმით, 70-75 დოლარი ღირდა. ფასების ეს სტრუქტურა 2017 წლიდან არის ცნობილი.
BM.GE-ის ცნობით, განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დანართთან ერთად, რომელშიც ფასები ეწერა. როცა ექსპერტებმა და მედიამ ეს შენიშნეს, დოკუმენტი საიტიდან წაიშალა. თავად განკარგულება დანართს კომერციულ საიდუმლოებად აცხადებდა.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 18 წლის განმავლობაში პირველად რუსულ გაზში თანხით აზერბაიჯანულზე მეტი გადაიხადა.
ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2026 წელს რუსეთიდან მხოლოდ 400 მილიონი კუბური მეტრი გაზი უნდა შემოსულიყო, ანუ მოხმარების 12%. ეს შარშანდელზე ორჯერ ნაკლებია: 2025 წელს რუსულმა გაზმა თითქმის 28% შეადგინა.
გეგმაში ახსნილი არ არის, რა ლოგიკით უნდა შემცირდეს რუსული გაზის წილი წელს, როცა მოხმარება იზრდება და არა მცირდება. ფაქტობრივი მონაცემები გეგმას უკვე ეწინააღმდეგება: ნეტგაზეთის ცნობით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული გაზის შესყიდვა თანხით კვლავ გაიზარდა.
ოჯახებისთვის გაზის დაბალ ფასს წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინარჩუნებს.
ის გაზს ყიდულობს და გამანაწილებელ კომპანიებს იმაზე იაფად აწვდის, ვიდრე თავად უჯდება. სხვაობა კორპორაციის საკუთარი შემოსავლიდან იფარება.
2013 წელს ტარიფი სწორედ ასე, კორპორაციის ხარჯზე შემცირდა. BM.GE-ის 2021 წლის გათვლით, ასეთი სუბსიდია კომპანიას ორ წელიწადში 500 მილიონი ლარი დაუჯდა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე წლის დასაწყისში ამბობდა, რომ კორპორაციისთვის ეს მძიმე ტვირთია.
ეს მექანიზმი ხსნის, რატომ შეიძლება ხელისუფლებას საფეხურებრივი ტარიფი სჭირდებოდეს, თუმცა ამას თავად არ ამბობს. იაფი აზერბაიჯანული გაზის რაოდენობა ყოველწლიურად ერთი და იგივეა.
როცა ქვეყანა მეტ გაზს მოიხმარს, ზედმეტ რაოდენობას ძვირი, ძირითადად რუსული გაზით ავსებენ. საფეხურებრივი ტარიფით მეტს სწორედ ის ოჯახები გადაიხდიან, ვინც მეტს მოიხმარს, ანუ ძვირი გაზის ხარჯი სახელმწიფო კომპანიიდან მათზე გადავა.
ვის შეეხება
სემეკის ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისში ერთი აბონენტი წელიწადში საშუალოდ 1 304 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, შიდა ქართლის ქალაქებში 1 416-ს, რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში 503-ს.
მოქმედი ტარიფით თბილისის საშუალო ოჯახი წელიწადში დაახლოებით 704 ლარს იხდის. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ზამთარზე მოდის, როცა გაზით სახლს ათბობენ.
ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რა მოდელს აირჩევს სემეკი. მეზობელ ქვეყნებში ორი განსხვავებული სქემა მოქმედებს. აზერბაიჯანში 2016 წლიდან წლიური ლიმიტია: 1 200 კუბურ მეტრამდე ოჯახი ყველაზე დაბალ ტარიფს იხდის, 2 500-მდე საშუალოს, ამის ზემოთ ყველაზე მაღალს.
თურქეთში 2026 წლის გაზაფხულიდან თვიური ლიმიტები შემოიღეს, რომლებიც ცივ პროვინციებში უფრო მაღალია. ორივე ქვეყანაში მაღალი ტარიფი მხოლოდ ლიმიტს ზემოთ დახარჯულ მოცულობას ერიცხება. სომხეთში ტარიფი ერთიანია.
თბილისის საშუალო ოჯახის წლიური მოხმარება, 1 304 კუბური მეტრი, აზერბაიჯანული მოდელის ყველაზე დაბალ საფეხურს უკვე აღემატება. ანუ ეს მოდელი საქართველოში რომ დაინერგოს, თბილისის საშუალო ოჯახი უფრო მაღალ ტარიფს გადაიხდიდა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლიმიტი წლიური იქნება თუ თვიური. დენზე საქართველოში ლიმიტი თვიურია. გაზზე თუ იგივე წესი დაწესდა, ზამთარში, როცა სახლს ათბობენ, ბევრი ოჯახი მაღალ საფეხურზე გადავა. მეტს გადაიხდიან ისინი, ვინც გაზით თბება, და არა აუცილებლად ისინი, ვისაც მეტი ფული აქვს.
კრიტიკოსების შეფასებები: გაძვირება შეფუთულ ფორმაში
გოცირიძე მოდელს გაძვირების უფრო მისაღებად შეფუთულ ფორმად აფასებს.
„ტარიფი გაიზრდება ყველასთვის, ოღონდ ზოგისთვის ნაკლებად, ზოგისთვის მეტად“, განაცხადა მან.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ მოხმარება შემოსავლის საზომი არ არის: მრავალშვილიან ოჯახს ან ცუდად დათბუნებულ სახლს მეტი გაზი სჭირდება.
მისი აზრით, სოციალური დახმარება მიზნობრივი პროგრამებით უნდა ფინანსდებოდეს და არა ერთი ჯგუფის ხარჯის მეორეზე გადატანით.
ელექტროენერგიის მაგალითი ამ შეშფოთებას ამყარებს. დენზე საფეხურებრივი ტარიფი დიდი ხანია მოქმედებს, მაგრამ 2026 წლის აპრილის გაძვირებისას ყველა საფეხური გაიზარდა: „თელმიკოს“ საყოფაცხოვრებო ტარიფი ახლა 20.041-დან 28.537 თეთრამდე მერყეობს. Civil.ge-ის ცნობით, ზრდამ 18-34% შეადგინა.
გოცირიძის თქმით, ყველაზე დიდი, თითქმის 35%-იანი ზრდა სწორედ თვეში 100 კილოვატ-საათამდე მომხმარებლებს შეეხო. საფეხურებრივმა სტრუქტურამ ყველაზე მცირე მომხმარებელი გაძვირებისგან ვერ დაიცვა.
ოპოზიცია ცვლილებას ზამთრის წინ ხარჯების გაზრდის მცდელობად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ სატარიფო ცვლილებების შეჩერება მოითხოვა: „ეს სოციალური ტერორის გზაა!“.
მისი თქმით, გაძვირებული კომუნალურები ბიზნესის ხარჯს გაზრდის და პურპროდუქტების ფასზეც აისახება.
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი სოფიო ხორგუანი მაისის შეთანხმებას იხსენებს, რომელიც მთავრობამ წარმატებად წარმოაჩინა. მისი კითხვა ასეთია: თუ ხელშეკრულება მართლა ასეთი კარგია, რატომ უნდა გაიზარდოს გაზის ფასი?
ხორგუანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას გაძვირება უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ყველასთვის ერთბაშად გაძვირება პროტესტს გამოიწვევდა, ამიტომ ცვლილებას ისე წარმოაჩენენ, თითქოს მეტს მხოლოდ შეძლებულები გადაიხდიან. ამ მტკიცებას ხორგუანი მტკიცებულებით არ ამყარებს.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კანონი უმოკლეს ვადაში, გავლენის შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიიღეს.
ბექგრაუნდი. როგორ თბებოდა საქართველო: მოკლე ისტორია
2000-იანი წლების შუა პერიოდამდე საქართველო გაზს თითქმის მხოლოდ რუსეთიდან იღებდა. 2006 წლის 22 იანვარს, უმკაცრესი ზამთრის შუაგულში, ჩრდილოეთ ოსეთში ორმა აფეთქებამ საქართველოსკენ მიმავალი ორივე გაზსადენი დააზიანა, რამდენიმე საათში კი მესამემ ელექტროგადამცემი ხაზი.
მოსახლეობის უმეტესობა დღეების განმავლობაში გაზისა და დენის გარეშე დარჩა. ქვეყანა საგანგებოდ აზერბაიჯანულმა და ირანულმა გაზმა გადაარჩინა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს განზრახ საბოტაჟი დასდო ბრალი, მოსკოვი აფეთქებებს მეამბოხეებს აბრალებდა. დამნაშავე დღემდე დადგენილი არ არის.
იმავე წელს რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგო დააწესა, ოქტომბერში კი საქართველოსთან ყველა სახის მიმოსვლა შეწყვიტა. წლის ბოლოს „გაზპრომი“ ფასის გაორმაგებას ითხოვდა და შემცირების პირობად მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა დააყენა. თბილისმა უარი თქვა.
გამოსავალი სამხრეთ კავკასიის გაზსადენი გახდა. 2003 წლის ოქტომბრის შეთანხმებით, ანუ „ვარდების რევოლუციამდე“, საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის 5%-ს და შეღავათიან ფასად დამატებითი გაზის შეძენის უფლებას იღებდა. გაზსადენი 2006 წლის ბოლოს ამოქმედდა.
2009 წლისთვის აზერბაიჯანულმა იმპორტმა რუსულს გადააჭარბა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს ხელისუფლება გადასცა სისტემით, რომელშიც თბილისელები გაზში 50.62 თეთრს იხდიდნენ, რუსული გაზი კი ძირითადად სომხეთისთვის ტრანზიტის საფასურად, ნატურით შემოდიოდა.
ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას გაზის ფასის სამჯერ შემცირების შესაძლებლობაზე საუბრობდა. 2013 წლის მარტში ტარიფი შემცირდა, მაგრამ სამჯერ კი არა, 51-დან 46 თეთრამდე, სახელმწიფო კორპორაციის ხარჯზე.
2017 წელს მთავრობა „გაზპრომის“ მოთხოვნას დათანხმდა და ტრანზიტის საფასური ნატურიდან ფულზე გადაიყვანა. ხელშეკრულების დეტალები ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადა.
2021 წლის ივნისიდან თბილისში ტარიფი 46.1-დან 54 თეთრამდე გაიზარდა და ამ დონეზე დღემდე რჩება.
ბიზნესისთვის, რომლის ფასიც არარეგულირებადია, ზრდა უფრო მკვეთრი იყო. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის 2024 წლის მიმოხილვის მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან 2024 წლის იანვრამდე კომერციული ტარიფი 75 თეთრიდან 1.29 ლარამდე, ანუ 72%-ით გაიზარდა. ძირითად მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდებოდა.