არჩევნების შედეგების გასაჩივრება, ფაქტობრივად, უქმდება. კიდევ რა იცვლება საარჩევნო კოდექსში
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში შეაქვს ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოში არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს, საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს.
პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი შატაკიშვილი.
კანონპროექტი 28 ოქტომბერს არის ინიციირებული.
რა იცვლება
არჩევნების შედეგები ოლქებში აღარ შეჯამდება
არსებობს სამი დონის საარჩევნო კომისია: საუბნო (ფუნქციონირებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე და აჯამებს უბნის შედეგს), საოლქო (თავს უყრიდა და აჯამებდა საუბნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს) და ცენტრალური (აჯამებდა საოლქო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს).
ამიერიდან, საოლქო კომისიები უბნების შედეგებს აღარ შეაჯამებენ. უბნების შემაჯამებელი ოქმები პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაიგზავნება და შედეგები იქ შეჯამდება.
შემაჯამებელი ოქმი მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრდება
ცვლილებების თანახმად, ოქმის გასაჩივრება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ
- მასში არ არის ასახული, ან არასწორად არის ასახული საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები
- ასევე არ არის, არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები
იქვე დაზუსტებულია, რომ „ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება“.
თუ სარჩელი წარმოებაში მაინც იქნა მიღებული, სასამართლოს უფლება ექნება იმსჯელოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ამ კონკრეტულ გარემოებებზე.
საოლქო კომისიებს აღარ დაევალებათ არჩევნების შემდეგ, უბნების შემთხვევითი გადათვლა, გადასამოწმებლად
აქამდე, საოლქო კომისიები ვალდებული იყვნენ, არჩევნების დამთავრებიდან 6 დღის ვადაში, შემთხვევით შეერჩიათ ხუთი უბანი და მისი შედეგები ხელახლა გადაეთვალათ.
ახლა ეს ნორმა უქმდება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული აპარატები გამოიყენება, ხმების დათვლა ამონაწერების ამოპრინტვის შემდეგ ხდება. სადაც აპარატები არ არის, იმ უბნების ბიულეტენები ორ დღეში ციფრულდება და ინტერნეტსივრცეში ქვეყნდება. ამიტომ, დამატებითი შემთხვევითი გადათვლა აქტუალობას კარგავს.
არჩევნების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
კანონპროექტით, ცესკომ არჩევნების შედეგები კენჭისყრიდან ორ კვირაში შეაჯამოს (არაუგვიანეს მე-15 დღისა).
აქამდე – 26 დღე ჰქონდა ცესკოს – პარლამენტის, თბილისის საკრებულოს და თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამებისთვის. და 15 დღე – სხვა მუნიციპალიტეტებში საკრებულოებისა და მერების არჩევნების შედეგებსის შეჯამებისთვის.
ახლა, ყველა არჩევნების შედეგები შეჯამდება არაუგვიანეს მე-15 დღეს.
ამ ვადაში უკვე უნდა დასრულდეს სასამართლო დავებიც, თუ რომელიმე ოქმი სასამართლოში გასაჩივრდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ 14 დღე სავსებით საკმარისია საოლქო კომისიებსა და სასამართლოში შედეგების გასაჩივრებისთვის.
“შესაბამისად, მე-15 დღისთვის უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმები და დამატებითი 11 დღე პროცესს მხოლოდ აჭიანურებს”.
არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, უფრო სწრაფად მოუწევს აუდიტისთვის დახარჯულ თანხებზე ანგარიშის წარდგენა
საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით, კანონით განსაზღვრული ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, ვალდებული იქნება ხუთ დღეში (არაუგვიანეს მე-5 დღისა) წარუდგინოს აუდიტს ანგარიში არჩევნებში დახარჯულ თანხებზე.
(უნდა წარადგუნოს სრული ანგარიში – რა ტანხა დახარჯა არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით).
აქამდე ამისთვის 12-დღიანი ვადა არსებობდა.
თუ პარტია ანგარიშს დროულად არ წარადგენს, ან კანონს დაარღვევს, აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და ხარვეზის გამოსწორებას მოსთხოვს.
თუ დარღვევა არსებითია და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, მაშინ აუდიტის რეკომენდაციით, ცესკოს შეეძლება სასამართლოს მიმართოს და შედეგები ამ სუბიექტის (პარტიის, ბლოკის) ხმების გაუთვალისწინებლად შეაჯამოს.
ტელევიზიები პარტიების აუთვისებელ სარეკლამო დროს სხვა პარტიებს ვეღარ გადაუნაწილებენ
კანონპროექტით, პოლიტიკური რეკლამის ბოლო წამზე საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და ნომერი უნდა ჩანდეს. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება, რომელიც ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
აქამდე, მაუწყებელს ან გაზეთს, შეეძლო საარჩევნო რეკლამისთვის გამოყოფილი დრო და სივრცე, თუ რომელიმე სუბიექტი მის გამოყენებაზე უარს იტყოდა, სხვისთვის გადაენაწილებინა.
ეს ნორმა უქმდება.
განმარტებითი ბარათში ნათქვამია, რომ ამით დარეგულირდება – სარეკლამო დროის კანონით დადგენილ ზღვარზე მეტად გამოყოფის რისკი.
“ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, უქმდება არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობა.
იურისტი ხსნის, რომ არსებული კანონმდებლობით, არჩევნების შედეგები ჯამდება ეტაპობრივად – უბანზე, ოლქში, ცესკოში. ამ დრომდე დაშვებულია, რომ შესაბამისმა სუბიექტმა გაასაჩივროს სამივე დონის შემაჯამებელი ოქმი. ამისათვის კანონმდებლობაში არ არის დადგენილი რაიმე ტექნიკური წინაპირობა.
“როგორც დაინიციირებული ცვლილებებიდან ჩანს, შედეგების შეჯამდება მხოლოდ უბნის და ცესკოს დონეზე. ოლქში აღარ შეჯამდება. შესაბამისად, იარსებებს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.
უბნის დონეზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების წესში, როგორც ჩანს, ცვლილებები ამ ეტაპზე არ შედის. მისი გასაჩივრება შესაძლებელი იქნება. თუმცა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებით დგინდება წინაპირობები.
გასაჩივრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება.
ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები.
ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება”.
არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის (ცესკოს შემაჯამებელი ოქმი) ტექნიკური საფუძვლით გასაჩივრების წესი, ზღუდავს გასაჩივრების უფლებას და გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება“.
არსში უკეთ გასარკვევად, იურისტი ხსნის, რომ მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა. შესაბამისად, თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტი არ იარსებებდა.
თეთრიწყაროს პრეცედენტი უკავშირდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
ამ არჩევნებში, ამომრჩეველი სპეციალურ ბიულეტენზე მარკერით აფერადებდა სასურველი პარტიის ნომრის გასწვრივ წრეს. შემდეგ ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში დებდა და ხმის მთვლელ აპარატში აცურებდა.
ბიულეტენი თხელი იყო, ამიტომ, მელნის კვალი ქაღალდის მეორე მხარესაც გადადიოდა. შესაბამისად, როდესაც ამომრჩეველი ბიულეტენს აპარატში ათავსებდა, ჩანდა, ვის მისცა ხმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ამ ფაქტის გამო, ხმის ფარულობის დარღვევის საფუძვლით, სასამართლო დავა დაიწყო. ორგანიზაცია ითხოვდა ყველა იმ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. მან წალკისა და თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქების 30 უბნის შედეგები გააუქმა.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. თუმცა, 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში