საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები საქართველოშია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე ქვეყანამ 28 ათასი დოზა მიიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს.
„ამ ეტაპზე შემოსულია 28 ათასი დოზა, რომელიც გაიყოფა 2 ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 3 კვირის შემდეგ, ამიტომ ყველას ვინც პირველი დოზით აიცრა, მეორეც გარანტირებულად შეხვდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვაქცინაციის პორტალზე booking.moh.gov.ge. რეგისტრაცია დღეს, 15:00-დან დაიწყება, “ფაიზერით” აცრა კი 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
“ფაიზერით” სრულად აცრისთვის საჭიროა ორი დოზის გაკეთება 21-28 დღის ინტერვალით. ასევე, ჯანდაცვის სამინისრტოს ცნობით, აცრას მოქალაქეები პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ – ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.
“უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
____________________________________________________________
● ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ
_____________________________________________________________
გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო შესაძლოა კორონავირუსის პანდემიის მძიმე მეოთხე ტალღაში შევიდეს. ასევე, ქვეყანაში იზრდება ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა – თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის დროს პრაქტიკულად დაუტვირთავი იყო, უკვე გადატვირთულია.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო და ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქვეყანაში 310 332 ადამიანია აცრილი. მათგან 120 479-მა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3%-ია.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.