4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძის განაჩენი დასაბუთებული არ არის - საიას შეფასება
პაატა მანჯგალაძის საქმე
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძის საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები დასადასტურებლად, რომ მან ჯგუფური ძალადობა დაგეგმა ან მის ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობდა.
პოლიტიკოსის საქმეზე გამოქვეყნებულ ვრცელ შეფასებაში ნათქვამია, რომ ბრალდებაში ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული მანჯგალაძის პოლიტიკური აქტივობა და მისი შესაძლო მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებებში.
კერძოდ, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ ძალადობასთან იყო დაკავშირებული, ძალადობა დაგ
- არჩევნები და არშემდგარი რევოლუცია – საქართველო პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შედის. რა მოხდა 4 ოქტომბერს
- რას წყვეტს 4 ოქტომბერი. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ
საიას აზრით, ამ გარემოებებს ვერ ადასტურებს ვერც მანჯგალაძის წარსული პოლიტიკური განცხადებები, რადგან მათი ნაწილი ზუსტად არ არის დათარიღებული და გაურკვეველია, რა ვითარებაში გაკეთდა ისინი.
„აქციასთან პოლიტიკური ან ორგანიზაციული კავშირი ვერ გახდება ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი, თუ არ დასტურდება, რაში გამოიხატა კონკრეტულად ბრალდებულის ინდივიდუალური წვლილი“, – წერს საია.
პაატა მანჯგალაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრია. 2025 წლის 4 ოქტომბერს ის თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.
პროკურატურა მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა. 2026 წლის 7 მაისს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.ამჟამად საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
რას ედავება პროკურატურა მანჯგალაძეს
პაატა მანჯგალაძეს ბრალი 2025 წლის 6 ოქტომბერს წარედგინა.
პროკურატურის ვერსიით, პაატა მანჯგალაძე, ამ საქმეზე დაკავებულ სხვა ოპოზიციონერებთან ერთად არჩევნებამდეც და შემდეგ, 4 ოქტომბერსაც, მოქალაქეებს ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოუწოდებდა.
შემდეგ, 4 ოქტომბერს, მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გადაწყვიტეს. პაატა ბურჭულაძემ (მსოფლიო ბანი, აქციის ორგანიზატორი, ასევე პატიმრობაშია ამ საქმეზე-JAMnews) აქციაზე გეგმის შესახებ განაცხადა. მურთაზ ზოდელავამ კი შეკრებილებს პრეზიდენტის სასახლისკენ გადაადგილებისა და მისი აღებისკენ მოუწოდა.
ამ ბრალის დასამტკიცებლად პროკურატურა შემდეგ მტკიცებულებებს ჩამოთვლის: მოწმეების ჩვენებები, მედიის მასალები, დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერები, წერილობითი დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილების ფოტოები და ვიდეოები, ასევე იქ აღმოჩენილი ნივთები და დაზიანებული ინვენტარი. გამოძიებამ ასევე გამოიყენა ჩხრეკისა და ამოღების ოქმები და სხვა საგამოძიებო მასალები.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისია ბრალდებულების დანაშაულში მონაწილეობის დასადასტურებლად.
გაურკვეველია რა მტკიცებულებები უკავშირდება უშუალოდ მანჯგალაძეს
საიას შეფასებით, ბრალდების დადგენილებაში არ არის საკმარისად განმარტებული, კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინა თავად მანჯგალაძემ და რომელი მტკიცებულება ადასტურებს მის მონაწილეობას დანაშაულში.
სანამ ადამიანს ბრალს წაუყენებს, პროკურატურას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლიან ვარაუდს ქმნის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ამას კანონი „დასაბუთებულ ვარაუდს“ უწოდებს.
ეს სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებების სტანდარტზე დაბალია, თუმცა მხოლოდ ეჭვი ან ვარაუდი საკმარისი არ არის.
საიას შეფასებით, პოლიტიკური აქტივობა, აქციაზე ყოფნა, სხვა ორგანიზატორებთან ერთად ფოტოს გადაღება ან მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობა, თავისთავად ვერ გახდება პირისთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალის წარდგენის საფუძველი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მაშინ, როდესაც საქმე პოლიტიკურად აქტიურ პირს ეხება. ბრალდებამ არ უნდა გააჩინოს ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს.
არ დასტურდება მანჯგალაძის კავშირი პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან
საიას შეფასებით, საქმის მასალებში არ არის ვიდეოჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მანჯგალაძე თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდა ან ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული.
ორგანიზაციის თანახმად, მანჯგალაძემ ჩვენებაში განმარტა, რომ თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შვილთან შესახვედრად წავიდა. საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის ვერსიას მისი გადაადგილების შესახებ დამოუკიდებელი მტკიცებულებითი საფუძველი არ აქვს.
ორგანიზაცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს მანჯგალაძის წარსული პოლიტიკური განცხადებების გამოყენებას. შეფასების მიხედვით, ზოგიერთ განცხადებას თარიღი არ ახლავს. შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ის უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, მაშინ, როდესაც განცხადება სხვა დროსა და ვითარებაში შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
საია წერს, რომ პოლიტიკური განცხადებები, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა ან საპროტესტო აქციის მხარდაჭერა, თავისთავად არ ადასტურებს ძალადობის ორგანიზებას. ამისთვის აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულება, რომ პირი მონაწილეობდა ძალადობრივი გეგმის შემუშავებაში, გასცემდა მითითებებს ან კოორდინაციას უწევდა მონაწილეთა მოქმედებებს.
რას ითხოვს საია სააპელაციო სასამართლოსგან
საიას შეფასებით, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობას არსებითი კითხვები აქვს. ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებს, შეამოწმოს, კონკრეტულად რომელი ქმედება მიეწერება მანჯგალაძეს, რა მტკიცებულებები ადასტურებს მას და როგორ შეფასდა დაცვის მხარის არგუმენტები.
საია ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე სახალხო დამცველმაც წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ომბუდსმენის შეფასებითაც, არ იკვეთება მანჯგალაძის კონკრეტული როლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და მხოლოდ აქციის ორგანიზატორად მოხსენიება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარისი არ არის.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს საიასა და სახალხო დამცველის პოზიციებს და ამის სამართლებრივი საფუძველი იარსებებს, მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.
კონტექსტი
2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა.
პარალელურად, ოპოზიციის ამ ნაწილმა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. ეს აქცია პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით დასრულდა.
- 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
- 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 7 პირი პატიმრობაში გაუშვეს. მათ შორის, 72 წლის ექიმი
- 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა 22-მა პატიმარმა საპროცესო გარიგებით ციხე დატოვა
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 64 პირის წინააღმდეგ დაიწყო.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალად წაუყენა – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება. საქმე რამდენიმე ეპიზოდად დაყეს
პირველ ინსტანციაში განხილვები უკვე დასრულებულია. 64 ბრალდებულიდან:
- ერთი პირი დაჯარიმდა
- 29 პირს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა (მათ შორის სამი დაუსწრებლად);
- 12 პირს საპროცესო შეთანხმებით შეუმცირდა სასჯელი;
- 22-მა პირმა საპროცესო შეთანხმებით პირობითი სასჯელი მიიღო და პატიმრობა აიცილა;

პაატა მანჯგალაძის საქმე