ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო - არა
ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო კი ამ სიაში ვერ მოხვდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა სიას კიდევ 9 ქვეყანა დაემატა.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში შეუზღუდავი შესვლის უფლებით მიმდინარე კვირის ბოლოდან შემდეგი ქვეყნები ისარგებლებენ:
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- ბოსნია და ჰერცოგოვინა
- ბრუნეი
- კანადა
- იორდანია
- კოსოვო
- მოლდოვა
- მონტენეგრო
- ყატარი
- საუდის არაბეთი
სიაში დამატებულ თერთმეტივე ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე რაოდენობა ფიქსირდება – აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კოსოვოში – 4, ბრუნეიში – 1.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია ეძლევათ, თანდათანობით მოხსნან შეზღუდვები უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესული სახელმწიფოებისთვის.
საბჭო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიას ორ კვირაში ერთხელ ანახლებს. ამ ქვეყნების სიაში საქართველო ერთხელ, 2020 წლის 30 ივნისს შეიყვანეს, თუმცა რამდენიმე თვეში, 2020 წლის ოქტომბერში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისევ ამოიღეს.
_____________________________________________________________
● საქართველოში ინფიცირების სწრაფი მატება, შესაძლოა კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან
● მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● პირბადის ტარება ქუჩაში და კომენდანტის საათი – რა შეზღუდვები მოიხსნა და რა რჩება? მოკლედ
_________________________________________________________________
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კომენდანტის საათი მოიხსნა და რეგულაციებიც შემსუბუქდა, ეპიდივითარება მაინც მძიმეა.
ბოლო 7 დღის მონაცემით, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მე-17 ადგილზეა, აცრებით – 147-ე.
საქართველოზე მაღალი სიკვდილიანობა მხოლოდ 16 ქვეყანას აქვს: პარაგვაი, ნამიბია, სეიშელი, კოლუმბია, არგენტინა, სურინამი, ურუგვაი, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, ომანი, ბრაზილია, ჩილე, ბოლივია, პერუ, რუსეთი და მონღოლეთი.
რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე ინფიცირების ახალ ფაქტებს, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს.
ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 103 170 ადამიანი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 2.6%-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 980 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა.