სამხრეთ აფრიკაში საქართველოში გასაგზავნად განკუთვნილი ხუთი ბაობაბი დააყადაღეს
ბიძინა ივანიშვილის ბაობაბები
სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში ხელისუფლებამ სულ მცირე ხუთი ბაობაბის ხის გადაზიდვა შეაჩერა. ხეები, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ლანდშაფტის მოწყობის პროექტისთვის უნდა გაეგზავნათ. საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.
Daily Maverick-ის ცნობით, ბაობაბები დურბანში, Africa Global Logistics-ის (AGL) საწყობში აღმოაჩინეს. კომპანია პარიზში დაფუძნებული გადაზიდვების გიგანტის, MSC Group-ის შვილობილი ორგანიზაციაა.
საქართველოს არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი გატაცება იშვიათი ხეებისა და მცენარეების შეგროვებაა, საქართველოში ეგზოტიკური ხეების ჩამოტანას ადრეც უკავშირდებოდა. 2022 წელს კენიიდან საქართველოში რვა ბაობაბის გადმოტანის მცდელობამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, თუმცა ხეები საბოლოოდ გახმა. ახლა კი სამხრეთ აფრიკაში ხუთი ბაობაბის ექსპორტი შეაჩერეს – ხეები, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ლანდშაფტის მოსაწყობად იყო განკუთვნილი.
რა მოხდა
სამხრეთ აფრიკის სატყეო, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის (DFFE) განცხადებით, ხეების ექსპორტთან დაკავშირებულმა პირებმა მათი ფლობისა და ქვეყნიდან გატანისთვის საჭირო მოქმედი ნებართვები ვერ წარადგინეს.
ბაობაბი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხის სახეობაა, რომელსაც 2 000 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. ის სამხრეთ აფრიკაში განსაკუთრებულად დაცულ 50 ენდემურ სახეობას შორისაა. შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია ასეთი ხეების მოჭრა, დაზიანება, გადაადგილება, შენახვა, გაყიდვა, ტრანსპორტირება ან ექსპორტი.
ხეების ქართველი მყიდველებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
AGL-ის რეგიონულმა მარკეტინგულმა მენეჯერმა, ქენდი ბოთამ Daily Maverick-ს განუცხადა, რომ კომპანია მხოლოდ ლოგისტიკურ მომსახურებას უზრუნველყოფდა და ტვირთის მფლობელი, ექსპორტიორი ან შესაბამისი ნებართვის მფლობელი არ ყოფილა.
გამოცემამ დურბანში ხეების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ AGL-ის საწყობი მოინახულა და სულ მცირე ხუთი ბაობაბი გადაიღო. ხეები ასფალტიან ტერიტორიაზე გვერდულად ეწყო და, როგორც ჩანს, ამ მდგომარეობაში, მზის პირდაპირი სხივებისგან დაუცველად, ორი-სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
კომპანიამ ხეების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხები მის, როგორც ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლის, პასუხისმგებლობას სცდებოდა. AGL-მა ასევე უარი თქვა კლიენტის ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის გამჟღავნებაზე და განმარტა, რომ ეს მონაცემები კონფიდენციალურია.
მას შემდეგ, რაც Daily Maverick-მა დამატებითი კითხვებით DFFE-ს მიმართა, გაირკვა, რომ ხეების ექსპორტისთვის მოქმედი ლიცენზია არ არსებობდა. ასევე არ იყო გაცემული მათი ამოღებისა და გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაობაბები ლიმპოპოს პროვინციის ვატერბერგის ოლქიდან იყო ამოღებული.
ენდემური მცენარეების სპეციალისტმა ჯეფ ნიკოლსმა ფოტოების საფუძველზე ივარაუდა, რომ ხეები, ველური ბუნებიდან ამოღების შემთხვევაში, შესაძლოა 50 წელზე მეტი ხნის ყოფილიყო. მისი შეფასებით, ხელოვნურად გაშენებული და მორწყული ხეების ასაკი, შესაძლოა, 20-30 წელი ყოფილიყო.
DFFE-ის ცნობით, ექსპორტიორმა შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად განაცხადი 2026 წლის 27 ივლისს შეიტანა. განაცხადი ხუთი დაცული ხის ამოღებას, ფლობას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და შეძენას ეხებოდა, თუმცა დეპარტამენტმა ის 31 ივლისს უარყო.
„განაცხადი უარყოფილ იქნა, ვინაიდან საქმეზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს. დეპარტამენტი სავარაუდო უკანონო ქმედებების დასაკანონებლად ლიცენზიას უკუქცევითი ძალით არ გასცემს“, – განაცხადეს უწყებაში.
ექსპორტიორმა უარის გასაჩივრება 8 აგვისტოს სცადა. დეპარტამენტის განცხადებით, საჩივარს ამჟამად სააპელაციო საკითხებზე პასუხისმგებელი ადმინისტრატორი განიხილავს.
კითხვაზე, დაიცვეს თუ არა განმცხადებლებმა მოქმედი რეგულაციები, DFFE-მ უპასუხა, რომ მათ „ტყის შესახებ ეროვნული აქტის“ მოთხოვნები არ შეასრულეს. უწყების ინფორმაციით, ხეები ლიმპოპოს პროვინციის ვატერბერგის ოლქში, ლეფალალეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოიპოვეს, ხოლო მათი ექსპორტი საქართველოში იგეგმებოდა.
დეპარტამენტმა საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. შესაბამისი დანაშაულისთვის კანონმდებლობა ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
DFFE-ს ამ დრომდე არ დაუსახელებია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემული პირები, ხეების მფლობელი ან ექსპორტიორი. უწყების განმარტებით, დაცული ხეების ფლობა, შეგროვება, ამოღება, ტრანსპორტირება, ექსპორტი, შეძენა ან გაყიდვა პირველი კატეგორიის სამართალდარღვევად ითვლება.
ბაობაბების საქართველოში გადატანის გეგმამ გარემოსდამცველების შეშფოთებაც გამოიწვია. Baobab Foundation-ის დამფუძნებლის, დოქტორ სარა ვენტერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაობაბების ამოძირკვა და სხვა ადგილას გადარგვა ტექნიკურად შესაძლებელია, საქართველოში მათი გადარჩენის გამოცდილება დამაიმედებელი არ არის.
„საქართველოს არ აქვს კარგი გამოცდილება ამ ხეების უშუალოდ საქართველოში გადარჩენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვენტერმა.
კენიის შემთხვევა: საქართველოში გადატანილი რვა ბაობაბი გახმა
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე გამოძიება საქართველოში ბაობაბების გადმოტანის წინა მცდელობას ჰგავს, რომელიც კენიაში 2022 წელს გახდა საერთაშორისო ყურადღების საგანი.
2022 წლის 24 ოქტომბერს The Guardian-მა დაწერა, რომ კენიელმა ფერმერებმა საკუთარ მიწებზე არსებული ბაობაბები ჯგუფს მიჰყიდეს, რომელსაც ქართველი გიორგი გვასალია ხელმძღვანელობდა. გეგმის მიხედვით, რვა ამოძირკვული ხე საქართველოში უნდა გადაეტანათ.
იმავე წლის ნოემბერში კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ დარღვევების გამო უცხოურ კომპანიას ბაობაბების ამოძირკვის ლიცენზია შეუჩერა. სამინისტრომ კენიის სატყეო სამსახურს ხეების გადაადგილების შეჩერებაც დაავალა.
უწყების განმარტებით, ბაობაბების ამოძირკვას სათანადო ავტორიზაცია და გამჭვირვალე პროცედურა სჭირდება, რომელმაც უნდა აჩვენოს, რა სარგებელს მიიღებს საზოგადოება ხეების გადაადგილებისგან. სამინისტროს შეფასებით, ამ შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნები დაცული არ ყოფილა.
2023 წლის აპრილში კენიის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის გარემოს დაცვის კომიტეტმა კილიფის რეგიონიდან საქართველოში ბაობაბების ექსპორტის საკითხის გამოძიება დაიწყო.
რვა ხე თითქმის ორი წლის განმავლობაში ამოძირკვულ მდგომარეობაში დარჩა და საბოლოოდ გახმა.
დენდროლოგიური პარკის ინფორმაციით, ხეები 2021 წელს ამოიღეს მიწიდან, თუმცა სხვადასხვა დაბრკოლების გამო მათი საქართველოში გადატანა 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა. ბაობაბები ნიადაგში მხოლოდ 2023 წლის 8 ნოემბერს დარგეს.
„აფრიკელ გიგანტებს თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ ამოძირკვულ მდგომარეობაში ყოფნა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სათანადო მოვლის გარეშე. სამწუხაროდ, ამ სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და საქართველოში დარგვიდან ექვსი-შვიდი თვის შემდეგ რვავე ბაობაბი გახმა“, – განაცხადა დენდროლოგიურმა პარკმა.
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საქმის გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყო ხეების მფლობელი და ექსპორტიორი, რა გარემოებებში ამოიღეს დაცული ბაობაბები მიწიდან და ვინ არის პასუხისმგებელი მათი საქართველოში გადაზიდვის მცდელობაზე.