საქართველომ თურქეთის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო
საქართველომ თურქეთის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო
საქართველოს მთავრობამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ერთი მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თანხა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოიყო.
“განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
● ფოტოები თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან. მამამ ქალიშვილი ნანგრევების ქვეშ იპოვა
● მიწისძვრები თურქეთსა და სირიაში. არის ათასობით დაღუპული. ვიდეო და ფოტო
● 34 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან, რომლის შედეგად 25 ათასი ადამიანი დაიღუპა
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 21 000-ს გადააჭარბა.
21 051 დაღუპული ადამიანიდან სტატისტიკა ასე ნაწილდება: 17 674 გარდაცვლილი თურქეთში, ხოლო 72 879 დაშავებული, სირიაში კი 3 377 ადამიანია ამ დროისთვის დაღუპული. რაც შეეხება დაშავებულებს – 5 245 ადამიანი დაშავდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.