ფოტოები თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან. მამამ ქალიშვილი ნანგრევების ქვეშ იპოვა
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლი
ეს ტრაგიკული ფოტოები დღეს AFP-ის ფოტოგრაფმა ადემ ალთანმა გადაიღო თურქეთში, ქაჰრამანმარაში. მამას 6 თებერვლის ღამეს საშინელი მიწისძვრის შედეგად დაღუპული 15 წლის ქალიშვილ ირმაკის ხელი უჭირავს. მესუთ ჰანსერმა მოახერხა მისი პოვნა, მაგრამ ის ცოცხალი აღარ იყო.
ახლა ის მაშველებს ელოდება, რათა ნანგრევებიდან გოგონას ცხედარი ამოიყვანონ, წერს CNN.
ცნობილია, რომ 5200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით დაშავდა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრის ცენტრი პაზარჯიკის რაიონში იყო. მძიმედ დაზარალდა ქაჰრამანმარასი და რამდენიმე პროვინცია, მათ შორის გაზიანთები, შანლიურფუ, დიარბაკირი, ადანა, ადიამანი, მალატია, ოსმანიე, ჰატაი და კილისი.
მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე, მეორე მიწისძვრა 7,6 მაგნიტუდის იყო, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარას ელბისტანის რეგიონში დაფისქსირდა.
მაშველები აგრძელებენ ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას, მაგრამ განუწყვეტელი თოვლი და მზარდი ყინვა დიდ დაბრკოლებად იქცა. მომავალი დღეების პროგნოზი კიდევ უფრო უარეს ამინდებს გვპირდება.
მთელი მსოფლიოდან სულ უფრო მეტი სამაშველო ჯგუფი ჩადის თურქეთში, აღჭურვილობა და ჰუმანიტარული დახმარება ქვეყანას თვითმფრინავებით მიეწოდება, მაგრამ საერთაშორისო სამაშველო კომიტეტმა (IRC) მიმართა მსოფლიოს და განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის.
„სირიასა და თურქეთში კატასტროფული ჰუმანიტარული საჭიროებები, კრიტიკულად გადაუდებელი ქმედება და სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებაა საჭირო დაზარალებულთათვის, სანამ გვიან არ არის“, – განაცხადა IRC-მა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იწყებს ფართომასშტაბიანი გრძელვადიანი დახმარების გაწევას თურქეთსა და სირიისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 23 მილიონამდე ადამიანი დაზარალდა.
პრობლემაა დახმარების მიწოდებაც – მიწისძვრის შედეგად დანგრეული გზების გამო დახამრების მიწოდება ფერხდება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 პროვინციაში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.