სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გააგრძელეს
სომხეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით – 13 ივლისამდე გააგრძელეს. ის 16 მარტს გამოაცხადეს და უკვე ორჯერ გაახანგრძლივეს.
ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია „კვლავაც ემუქრება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
12 ივნისს, ვირუსი უკვე 612 ადამიანს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 15 281 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 13 ადამიანი, სულ – 258. გამოჯანმრთელდა 173 პაციენტი, სულ – 5 639. მკურნალობას აგრძელებს 9 298 ადამიანი.
სხდომის დროს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანაიტ ავანესიანმა ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები წარმოადგინა. მისი თქმით, 7000 მოქალაქე მკურნალობას სახლში გადოს, 1800 საავადმყოფოში იმყოფება, 425 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, 100 – უკიდურესად მძიმეში. 23 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველდღიურად გამოქვეყნებული ინფიცირებულთა რაოდენობის ამსახველი რიცხვები იმის გამოხატულებაა, როგორ იცავდნენ უკანასკნელი 7-14 დღის განმავლობაში სომხეთში ცხოვრების ახალ წესებს: ნიღბების ტარება, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანცია.
„ვამჩნევთ, რომ პოზიტიური მაჩვენებლების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, ანუ როდესაც შედარებით დაბალი რიცხვი გვაქვს, მკვეთრად მცირდება ეპიდემიის საწინაღმდეგო წესების დაცვა და ეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა…
შემთხვევების 75 პროცენტზე მეტი უსიმპტომოდ და გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ზოგადი სტატისტიკით ჩვენ ირიბად ვზრდით მძიმე, უკიდურესად მძიმე და გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვს“.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ ითვალისწინებს ყველანაირი საჯარო და ხალხმრავალი ღონისძიების აკრძალვას. თუმცა, ამბობენ, რომ კომენდანტს, გარკვეულ შემთხვევებში, გამონაკლისის დაშვება შეუძლია.