მიხეილ სააკაშვილი: ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?
გაზიარება
გაზიარება
სააკაშვილი ევროკავშირზე
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ “ერთ დროს საქართველო იყო ფლაგმანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ახლა სად ვართ?”
“2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. მაშინ ბაროსომ მითხრა, რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა აღმოსავლეთის პარტნიორობა, როგორც პასუხი საქართველოზე რუსეთის თავდასხმაზე. “თუ გაიმარჯვებთ თქვენ, რუსეთი დამარცხდება და მე მინდა ის დამარცხდეს”, – თქვა ბაროსომ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის თქმით, თავდაპირველად, ვარაუდობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩართვას და შემდეგ სწორედ მისი წინადადებით დაამატეს ბელარუსი და სომხეთი. როგორც სააკაშვილი ამბობს, ბელარუსი ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო სომხეთში არაფერი გამოვიდა, იმდენად დიდი იყო რუსეთის შიში ერევანში:
“მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ. ათი წელი არ გვეყო იმის გაგება, რომ ვერავის ვერაფერს ვაიძულებთ?! ძალიან უკბილო ხუმრობად ჩანს უკვე ეს. მომაბეზრებელია ტელევიზიით ოპონენტების ყურება, რომ თურმე თუ ხელისუფლება ვერ დავარწმუნეთ, არაფერი გამოვა. ეს არის საკუთარი თავების და ხალხის მოტყუების მცდელობა.”
დღეს ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ასევე მხარს უჭერს საქართველოსთვის სტატუსის გადაცემას მას შემდეგ, რაც მთავრობა ევროკომისიის მიერ შედგენილ პრიორიტეტებს დააკმაყოფილებს.
მანამდე ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა 17 ივნისს მოამზადა.
რაც შეეხება პირველი რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ის ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი ათასობით ადამიანის მიზანი იყო ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ ქართველი ხალხის ერთგულების დემონსტრირება.
ევროსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე საათში საბოლოოდ უნდა მიიღოს, მაგრამ სავარაუდოდ ის აღარ შეიცვლება.