უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, საქართველო - არა
ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი საქართველოს
უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება. ამის შესახებ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალსა და მისწრაფებებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა, რადგან საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი არის საქართველოს უპირატესობა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ქვეყანამ და შედგეს პოლიტიკურად, უნდა განსაზღვროს ცალსახა სტრუქტურული, რეფორმების გზა ევროკავშირისაკენ:
“ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუსს.”
ხოლო უკრაინასა და მოლდოვაზე ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის მსგავსად, მოლდოვამაც უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მომავალშიც. ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოლდოვამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები – დამოუკიდებლობის შემდეგ, ანტიკორუფციული და პროევროპული გზა აირჩია.
“რა თქმა უნდა, მათ გრძელი გზა აქვთ ჯერ კიდევ გასავლელი. მათი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაციის სექტორი საჭიროებს განვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ლიდერები მიჰყვებიან აღნიშნულ კურსს, ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი პოტენციალი, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები” – განაცხადა ლაიენმა.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.
ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაგრამ, იქვე, ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – ამ და მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.