რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს
გაზიარება
გაზიარება
ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ, _ ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია ‘მაესტროს’ ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
‘რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ’, – განაცხადა პუტინმა.
2008 წლის ომზე საუბრისას პუტინმა განაცხადა,რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას ‘ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო’ და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა. ‘ეს მათი ისტორიული ბრალია’, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს ‘პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი’ უწოდა.მისი თქმით,ამ გუნდმა უკრაინა ‘საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია’. ვლადიმირ პუტინმა შეახსენა აუდიტორიას, რომ აშშ-ში სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცეს და უკრაინაში გააგზავნეს. უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნას პუტინმა ‘უკრაინელი ხალხისთვის შეფურთხება’ უწოდა.
რუსეთ-საქართველოს პერსპექტივებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
‘რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი,აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა,მათთგან უნად იმუშაოთ.ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ’,– განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით,მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან ‘სიგნალებს ხედავს’ და მზად არის,ეს სიგნალები მიიღოს.
პუტინმა ასევე აღნიშნა,რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობა სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად,’ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს’. ‘რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და მზად ვართ,სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ’ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო.2008 წელს,მას შემდეგ,რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა,საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
კოალიცია “ქართულმა ოცნებამ,რომელიც ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა,თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება გამოაცხადა.
საინტერესოა,პუტინის აღნიშნული განცხადება დროში დაემთხვა საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პროცესს.უკვე დეკემბრის ბოლოს საქართველო ელოდება ევროკავშირის ტექნიკურ დასკვნას.თუ დასკვნა დადებითი იქნება, უკვე 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებმა,შესაძლოა,ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ.