ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი 11-დღიანი გაუჩინარების შემდეგ ადგილობრივი ტელეკომპანიების ეთერში კვლავ გამოჩნდა.
26 მაისს მან კორნავირუსის საწინააღმდეგო ოპერატიული შტაბის შეხვედრა გამართა. დამოუკიდებელი რუსული მედია ვარაუდობს, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვიდან წინა დღეს დაბრუნდა – თვითმფრინავი, რომლითაც ის ჩვეულებრივ დაფრინავს, მოსკოვიდან გროზნოში 25 მაისს ჩამოფრინდა.
ხმები იმის შესახებ, რომ კადიროვი კორონავირუსით დაავადდა, 21 მაისიდან ვრცელდება – წყაროებმა სამედიცინო წრეებში მაშინ დაადასტურეს, რონ იგი მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა კორონავირუსზე ეჭვის გამო. თუმცა, ეს ოფიციალურად არავინ დაადასტურა; ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ან აცხადებდნენ, რომ კადიროვი ჯანმრთელია, ან ამბობდნენ, რომ ლოცულობდნენ მისი გამოჯანმრთელებისთვის.
იმაში, რომ რაღაც რიგზე არაა, მოსახლეობა საბოლოოდ 23 მაისის საღამოს დარწმუნდა, როდესაც ურაზა ბაირამის მუსლიმური დღესასწაულის მისალოც ვიდეომიმართვაში მხოლოდ კადიროვის მსგავსი ხმა გაისმა, თუმცა იგი თავად კადრში არ გამოჩენილა.
კადრი ჩეჩნეთისსახელმწიფოტელევიზიისსიუჟეტიდან
Instagram- ის ახალ ექაუნთში – რომელსაც იყენებს ჩეჩნეთის ლიდერი მისი ფეისბუქის რამდენიმე გვერდის დაბლოკვის შემდეგ – კადიროვის ვიდეო გამოჩნდა, სადაც იგი ვიწრო წრეში საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.
ამ ვიდეოზე ბუნდოვნად ჩანს სამედიცინო კათეტერი, რომელიც კადიროვის მარჯვენა ხელზეა მიმაგრებული. უკეთესად გამოჩნდა ის სიუჟეტში, რომელიც ადგილობრივმა სახელმწიფო ტელეკომპანიამ მოამზადა. რუსული “ნოვაია გაზეტას” ცნობით, არხმა სიუჟეტი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ წაშალა. თუმცა, ჟურნალისტებმა მისი გადმოწერა მოასწრეს.
ამ სიუჟეტში კათეტერი კადიროვის მკლავზე ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა შენიშნეს.
”ამ ვიდეოში რესპუბლიკის ხელმძღვანელი ჰგავს ადამიანს, რომელსაც მძიმე ავადმყოფობა ფეხზე გადააქვს – ის ფერმკრთალი და გამხდარია, სახე შეშუპებული აქვს, ემჩნევა ქოშინი და აშკარა ფიზიკური სისუსტე” – წერს “ნოვაია გაზეტა” და შენიშნავს, რომ რუსეთში Covid -19 -ის გამო შემოღებული კარანტინის დარღვევისათვის “გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ინფიცირებული ადამიანის ქცევა სხვა ადამიანების ინფიცირებას იწვევს”.
აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ასახული შეხვედრის ყველა მონაწილე, ისევე როგორც ტელეარხების ოპერატორები, ნიღბებით არიან. ნიღაბი სახეზე მხოლოდ კადიროვს არ უკეთია. იმის მიუხედავად, რომ მან თავად შემოიღო ნიღბების მკაცრი რეჟიმი რესპუბლიკაში და ცოტა ხნის წინ კარანტინის დამრღვევები ტერორისტებთან საჯაროდ გაათანაბრა.
კადიროვი ერთადერთი ჩეჩენი ოფიციალური პირი არ არის, რომელიც სავარაუდოდ კორონავირუსით ინფიცირებას მალავს. ახლახან მედია სივრციდან გაურკვეველი მიზეზით გაქრა ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრი ელხან სულეიმანოვი. როდესაც გაისმა კითხვები მისი უეცარი გაუჩინარების თაობაზე, სულეიმანოვმა “სელფი”-ვოდეო გაავრცელა, რომელშიც იგი დამცავი აღჭურვილობითაა და ამბობს:
”მე არ ვარ კავშირზე იმის გამო, რომ ბევრი საქმე მაქვს. მე თვითონ ვარ “წითელ ზონაში” და გადავწყვიტე, პირადად ჩავერთო ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში და შევასრულო ჩემი მოვალეობა, როგორც ექიმმა, რომ განზე არ დავრჩენილიყავი საერთო უბედურებასთან ბრძოლაში”.