Channel 12: მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღაზის სტაბილიზაციის ძალებში საქართველოს მონაწილეობაზე
გაზიარება
გაზიარება
ღაზის სტაბილიზაცია და საქართველო
ისრაელის ტელეარხ Channel 12-ის ინფორმაციით,საქართველო და ვიეტნამი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებთანაც ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) ფარგლებში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხზე.
გამოცემის ცნობით, დაგეგმილია კირიათ-გათში მოქმედი სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეორგანიზაცია, რათა ის უფრო მოქნილი და ოპერატიული გახდეს, ხოლო მისი კოორდინაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან გაძლიერდეს.
CMCC 2025 წლის ოქტომბერში, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი ღაზის ომისშემდგომი გეგმის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრის მანდატი მოიცავს ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობასა და ომის დასრულების შემდეგ პალესტინის ადმინისტრირების პოლიტიკის შემუშავებას.
საკითხზე ინფორმირებული სამი დიპლომატის განცხადებით, ცენტრს ახალი სახელწოდება – “ღაზის საერთაშორისო დახმარების ცენტრი” მიენიჭება, ხოლო სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები (ISF) მის საქმიანობაში მნიშვნელოვნად უფრო ფართო როლს შეასრულებენ. ინიციატივის მიზანია ომისშემდგომ გარდამავალ პერიოდში ღაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია ტერიტორიას დატოვებს და ჰამასი განიარაღდება.
Channel 12-ის ცნობით, საქართველოსა და ვიეტნამთან მოლაპარაკებები სწორედ ISF-ის ფარგლებში სამხედროების შესაძლო გაგზავნას უკავშირდება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე ქვეყანა შეუერთდება საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთსა და ალბანეთს, რომლებმაც, გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს.
ისრაელური მედიის ინფორმაციით, იგეგმება ღაზის მომავლის საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ქვეყნების და წარმომადგენლების რაოდენობის შემცირებაც, რათა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი დაჩქარდეს. Channel 12-ის ცნობით, შესაბამის შეთანხმებას მიმდინარე კვირაში მიაღწიეს და ცვლილებების განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის მშვიდობის საბჭომ მედიის მიერ გავრცელებული ცნობები არ უარყო და განაცხადა, რომ ღაზის მმართველობის, უსაფრთხოების და რეკონსტრუქციის მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივების წინ წაწევა გრძელდება.
საბჭოს განცხადებით, ISF და CMCC მისიის გაფართოების პარალელურად “უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის განსხვავებულ მოდელებს“ ამზადებენ. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება, ხოლო დამატებით ქვეყნებთან სამხედროების შესაძლო გაგზავნის საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
Channel 12 ასევე წერს, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც საქართველოს და არც ვიეტნამის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.