"მიწა დააყარეთ, მოკვდეს". კადიროვმა კარანტინის დამრღვევები ტერორისტებს გაუთანაბრა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმის დამრღვევები ტერორისტებს გაუთანაბრა და მათი სასტიკად დასჯა მოითხოვა. ინტერნეტ-გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის მის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

”შემოვიდა ინფორმაცია, რომ ის ხალხი, ვინც კარანტინში უნდა ყოფილიყო, გროზნის ცენტრში იმყოფებოდა. ასეთი ადამიანები უნდა დააკავონ … (მოათავსონ) წინასწარი დაკავების იზოლატორში, რამე სხვა მიტოვებულ ადგილას, ჩაკეტონ ზემოდან, რომ შიგნით სიცივე იყოს და იქ ისხდნენ საკვების გარეშე,”- თქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა.
- კადიროვი კადიროვის წინააღმდეგ: გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კადიროვის ძმისშვილი ადამიანებს აწამებს
- რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელს სახელი მისი მამის საპატივცემულოდ შეუცვალეს
- ტურიზმი თუ ტანკები? რაში სჭირდება რუსეთს ახალი გზა საქართველოსკენ და რატომ ლობირებს მას ჩეჩნეთის თავკაცი?
რამზან კადიროვი აღშფოთებული იყო იმ ადამიანების ქმედებით, რომლებმაც, მისი თქმით, იცოდნენ, რომ ინფიცირებულნი იყვნენ, მაგრამ სხვა ადამიანებს საფრთხე მაინც შეუქმნეს:
”განზრახ, ისე რომ ყველაფერი იცოდა, გავიდა ხალხში და მშვიდად დადის. ჩააგდეთ ორმოში, მიწა დააყარეთ, მოკვდეს, თუ მას არ აინტერესებს ჩემი ხალხის ბედი […] რატომ ვანადგურებთ ტერორისტებს, ვაკავებთ მათ და ვუშვებთ ციხეში? რომ ისინი არ კლავდნენ ხალხს,არ აფეთქებდეს ობიექტებს, რომ არ შეუშალონ ხელი საზოგადოებრივ მშვიდობას. ტერორისტს შეუძლია რამდენიმე ადამიანი მოკვლას და ამ ინფიცირებულ ადამიანს – ათობით ათასის.”
ჩეჩნეთის ზოგიერთი მცხოვრები ამბობს, რომ რესპუბლიკის მეთაურის მუქარები რეალურია.
”(ადამიანების) გამოკეტვა საჭმლისა და სასმელის გარეშე მათ მართლაც შეუძლიათ. ყველამ, ვინც როდესმე ძალოვნების ხელში ჩავარდნილა იმის გამო, რომ რამე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, კარგად იცის, რა ხდება იქ, ”– უთხრა “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს ჩეჩნეთის მკვიდრმა მარეტმა.
”იგი ნარკომანებსა და ტერორისტებს ადარებდა მათ, ვინც არღვევდა მოძრაობის წესებს, ჟურნალისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ისეთ რაღაცეებს აქვეყნებდნენ, რაც ხელისუფლებას არ მოსწონს. ახლა ამ კატეგორიაში შედიან მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის კარანტინს არ იცავენ. გულწრფელად ვამბობ, მე მეშინია ამ ადამიანების გამო”, – თქვა ჩეჩნეთის კიდევ ერთმა მკვიდრმა მალიკამ.
სულ ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული.