"ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა უნდა გასცეს მკაფიო პასუხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ის“ — ფაშინიანი
ფაშინიანი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის „არსებობასთან“ დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა ორგანიზაციის ფუნქციონირების შესახებ სერიოზული კითხვები აქვს.
მისი თქმით, თუ კავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და შრომის თავისუფალი გადაადგილება პრაქტიკაში აღარ შეუძლია განახორციელოს, მაშინ თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ფაშინიანი: თუ პრობლემები არ მოგვარდება, ეს კავშირის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს
სამთავრობო სხდომაზე გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი არ მიიჩნევს, თითქოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში “რაღაც შეუქცევადი“ მოხდა და ამიტომ თანამშრომლობაზე უარის თქმა საჭირო არ არის.
“ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალი მოიძებნება. თუ გამოსავალი არ იქნება, ეს პირველ რიგში ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის იქნება პრობლემა. კავშირი ეფუძნება შრომის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალ გადაადგილებას. თუ ეს პრინციპები აღარ მოქმედებს, მაშინ არც თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი არსებობს“, – განაცხადა მან.
მოგვიანებით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დროებითი შეფერხება გასაგებია, თუმცა თუ პრობლემა ოთხი თვის განმავლობაშიც არ მოგვარდება, ეს უკვე სისტემურ კრიზისზე მიუთითებს.
“თუ მეოთხე თვეშიც პრობლემა არ მოგვარდა, ეს ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი აღარ არსებობს. თუ თავად კავშირი აცხადებს, რომ აღარ არსებობს, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?“ – თქვა პრემიერმა.
ერევანი პარტნიორებისგან მკაფიო განმარტებას ითხოვს
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ელოდება მკაფიო პასუხს კითხვაზე – არსებობს თუ არა რეალურად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იმ პრინციპებით, რომლებზეც ის შეიქმნა.
“ჩვენ ვამბობთ, რომ კავშირი არსებობს და, როგორც წევრი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ გარკვეული გაუგებრობა მოხდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, მიმდინარე ვითარება მხოლოდ სომხეთისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მისი თქმით, კავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც მიმდინარეობს ეკონომიკური დივერსიფიკაციის პროცესი, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ.
“დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროცესები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, უბრალოდ განცხადებების გარეშე. ისინი ამ ყველაფერს შეაფასებენ, როგორც რისკს, რომელიც მომავალში თავადაც შეიძლება შეეხოთ“, – განაცხადა მან.
კითხვები პარტნიორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთს პარტნიორ ქვეყნებთან განსახილველი საკითხები დაუგროვდა და ამ დისკუსიის დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს ის განცხადება, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დანარჩენმა წევრებმა სომხეთის წარმომადგენლის არყოფნის დროს მიიღეს.
“უნდა გავარკვიოთ, შეუძლია თუ არა კავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს სხვა წევრთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. თუ პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი საკუთარ თვითდაშლას აცხადებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული სომხეთის შემდგომი ნაბიჯებიც.
“უნდა არსებობდეს მკაფიო პასუხი: არსებობს თუ არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. თუ არსებობს, ჩვენ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ. თუ არ არსებობს, მაშინ განსაკუთრებული პოზიციონირების საჭიროებაც აღარ იქნება“, – აღნიშნა მან.
რეფერენდუმის ჩატარებას ფაშინიანი ნაადრევად მიიჩნევს
ფაშინიანმა გაიხსენა, რომ 2026 წლის 29 მაისს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი საარჩევნო კამპანიის გამო არ ესწრებოდა, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა სომხეთს მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე ჩაეტარებინა რეფერენდუმი ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის საკითხზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ასეთი რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი არ არსებობს.
“სანამ სომხეთი ოფიციალურად არ მიმართავს ევროკავშირს წევრობისთვის ან არ მიუახლოვდება კანდიდატის სტატუსს, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება არალოგიკურია“, – განაცხადა მან.
ფაშინიანი: კავშირის დაშლის საფრთხე რეალურია
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვება მიზნად არ დაუსახავს, თუმცა არსებული ვითარება მთელი გაერთიანებისთვის სერიოზულ გამოწვევად მიაჩნია.
“განა კავშირის სხვა წევრები სომხეთის გამოცდილებით არ არიან შეშფოთებულნი? რა თქმა უნდა, არიან, რადგან ყველას ესმის, რომ იგივე შეიძლება მათაც დაემართოთ. თუ ამ პრობლემას სწრაფად არ მოვაგვარებთ, ეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გარდაუვალ დაშლას გამოიწვევს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კონტექსტი
სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა სომხური პროდუქციის ნაწილზე იმპორტის შეზღუდვები დააწესა. აკრძალვები შეეხო ხილსა და ბოსტნეულს, ყვავილებს, “ჯერმუკის“ მინერალურ წყალს, გარკვეულ ალკოჰოლურ სასმელებსა და თევზის პროდუქტებს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი სანიტარული და ფიტოსანიტარიული ნორმების დარღვევა იყო.
სომეხი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებდა და ვარაუდობდა, რომ მოსკოვი ამ გზით არჩევნების წინ პრორუსული ძალების მხარდაჭერას ცდილობდა. მათი მოლოდინი იყო, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნებოდა.
ფაშინიანის პარტიამ, “სამოქალაქო შეთანხმებამ“ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს მისთვის გამარჯვება ჯერ არ მიულოცავს და დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებიც კვლავ ძალაში რჩება.
ამ ფონზე, სომხეთის მთავრობამ ექსპორტიორი კომპანიების მხარდასაჭერად რამდენიმე პროგრამა აამოქმედა. ოფიციალური მონაცემებით, სომხური პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, უკვე იზრდება.
მომავალ კვირაში ერევანს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეწვევა. ფაშინიანის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომის გამარტივება იქნება. მისი თქმით, ამ მიმართულებით “განსაკუთრებული შესაძლებლობების“ მიღების პერსპექტივა არსებობს.