"ჩემი ქალური ბედნიერებაა დღეში 120 მოკლული რუსი ჯარისკაცია". უკრაინელი მეთაური ქალის ისტორია
უკრაინელი მეთაური ქალი

36 წლის ლეილა აბდულაევა K-2-ის უპილოტო სისტემების ძალების ბრიგადის დამრტყმელი დრონების ასეულს ხელმძღვანელობს. ის უკრაინის არმიის პირველი ქალია, რომელიც ბატალიონის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნეს. არმიაში მისვლამდე IT სფეროში მუშაობდა, ახლა კი ასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მეთაურობს.
ლეილა, საბრძოლო სახელით „სარაცინი“, საუბრობს იმაზე, თუ რით ჰგავს სამხედრო კარიერა ბავშვების აღზრდას, რატომ ადარებენ მას ბელგიურ ნაგაზ მალინუას, ვინ არიან მისი „ბეღურები“ და რას ნიშნავს მისთვის ქალის ბედნიერება.
სტატია: Hromadske
ბევრგან წამიკითხავს, რომ არმიაში მოსვლამდე IT სფეროში მუშაობდით. ომის დაწყების შემდეგ მოხალისეობდით და იცოდით, რომ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში აუცილებლად იბრძოლებდით. როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მობილიზაციისთვის ცხრაჯერ სცადეთ დარეგისტრირება, მაგრამ არ გიღებდნენ: ხან იმიტომ, რომ „ბევრი მოხალისე იყო“, ხან იმიტომ, რომ „ქალი იყავით“, ხანაც იმიტომ, რომ „ვაკანსია არ არსებობდა“. საბოლოოდ, არმიაში დრონის პილოტად მოხვდით. როგორ გახდით ასეულის მეთაური?
თავიდან „მავიკის“ პილოტი ვიყავი, შემდეგ სადაზვერვო და მძიმე დამრტყმელ დრონებზე გადავედი. ეკიპაჟის მეთაური გავხდი. როდესაც ადამიანი ინიციატივას იჩენს, მით უმეტეს 2022-2023 წლებში, როცა უპილოტო სისტემების სფერო ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მეც უფრო მეტი მინდოდა. საკმაოდ ჯიუტი და ინიციატივიანი ვარ. ალბათ, ჩემმა მეთაურმაც იფიქრა, რომ ამას შევძლებდი.
ასე ჩამაბარეს ახლადფორმირებული ოცეული. თავად ვამზადებდით პილოტებს, ვიზრდებოდით, შედეგებს ვაჩვენებდით. როცა უკვე ცნობილი გახდა, რომ პოლკი შეიქმნებოდა, ვიკითხე, შემეძლო თუ არა ასეულის ჩაბარება. თუ ვერ შევძლებდი, უკან დამაბრუნებდნენ. მითხრეს: „აიღე“.
როდესაც ომში წასვლას აპირებდით, ამბობდით, რომ მხოლოდ საბრძოლო თანამდებობა გინდოდათ და არა სამედიცინო. რატომ?
სამედიცინო სამსახურში წასვლა არ მინდოდა, რადგან ემპათიური ადამიანი ვარ. ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა ამდენი დაჭრილის, ამდენი სიკვდილის საკუთარ თავზე გატარება და იმის განცდა, რომ ვიღაც ვერ გადაარჩინე, მიუხედავად იმისა, რომ მეტის გაკეთება შეგეძლო.
ადრე თუ გვიან ყველა მებრძოლს უწევს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, მაგრამ საბრძოლო მედიცინის არჩევა პროფესიულ გზად არც მაშინ მინდოდა და არც ახლა. მით უმეტეს, საბრძოლო მედიკოსის საქმე, ალბათ, ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება წარმოიდგინო. 2026 წელს ევაკუაცია უკიდურესად გართულებულია.
როდის მიხვდით, რომ ლიდერობა, ადამიანების გაძღოლა შეგეძლოთ?
სკოლაში ლიდერი არ ვყოფილვარ. მშვიდი, მორცხვი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი აუტსაიდერი ვიყავი. IT სფეროში მუშაობისას კი, როცა ადამიანების ორგანიზება გახდა საჭირო, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს მსიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი სხვა არავინ იყო.
ომმა ეს თვისება კიდევ უფრო გამოკვეთა. რთული დრო რთულ ხასიათს აყალიბებს. საერთოდაც, არმიაში, ისევე როგორც ნებისმიერ კარიერულ გზაზე, იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც ბავშვების აღზრდაში. შეგიძლია ბევრს ლაპარაკობდე ფილოსოფიაზე ან კლასიკურ მუსიკაზე, მაგრამ თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობლები სადარბაზოსთან ლუდს სვამენ, მზესუმზირას აკნატუნებენ და იგინებიან, მაგალითსაც სწორედ იქიდან აიღებს.
ასეა ქვედანაყოფშიც. ჩემი მეთაური ასე მზრდიდა და მეც ასე ვზრდი ახალგაზრდებს: ყოველთვის მაგალითი უნდა იყო.
არასოდეს გამიცია და არც გავცემ ისეთ ბრძანებას, რომლის შესრულებას თავად არ შევძლებდი. ჩემმა მებრძოლებმა იციან: თუ ახალ მონაკვეთში შევდივართ ან საეჭვო დავალებაა შესასრულებელი, პირველი მე მივდივარ, შემდეგ კი უკვე მათ გადავიყვან მომზადებულ პოზიციებზე, ვაწვდი ინფორმაციას და ისინი ასრულებენ საქმეს.
„საბრძოლო მედიკოსის საქმე, ალბათ, ყველაზე მძიმეა, რაც შეიძლება წარმოიდგინო, რადგან 2026 წელს ევაკუაცია უკიდურესად გართულებულია“
რამდენი ადამიანია თქვენს დაქვემდებარებაში და რამდენად კარგად იცნობთ მათ?
ასზე მეტი ადამიანი. თითოეულ მათგანს პირადად ვიცნობ. გასაუბრებები თავად ჩავუტარე, თავად შევარჩიე. შესაძლოა, ყოველდღე ყველას არ ვესაუბრები, მაგრამ ვიცნობ სახელით, გვარით, საბრძოლო სახელით. ვიცი, ვინ რას აკეთებს, ვის რა მდგომარეობა აქვს სახლში, ვის რა ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს.
ჩემს თითოეულ მებრძოლს ჩემი ნომერი აქვს და ნებისმიერ დროს შეუძლია დამირეკოს. მთელ დროს მათთან ვატარებ, როცა არ მძინავს. ასე ვიგებთ ერთმანეთის ამბებსაც: ვის რა ჰქვია შვილს, რა მოსწონს უფრო მეტად, ტრაქტორი თუ მანქანა.
რამდენ ხანს გძინავთ?
თუ ღმერთმა ინება, დღეში ოთხიდან ექვს საათამდე. ძირითადად, გათენებიდან 11 საათამდე. ეს იმ შემთხვევაში, თუ მშვიდი გრაფიკია და შტურმები არ მიმდინარეობს. თუ საგანგებო ვითარებაა, ღამეში ორჯერ ან სამჯერ მაღვიძებენ. ნორმალურია, შეიძლება ცხოვრება.
შესაძლებელია თუ არა თქვენს ქვედანაყოფში ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაყვანა?
რა თქმა უნდა. მაგალითად, „მავიკის“ პილოტი, რომელიც ერთ წელზე მეტხანს ფრონტის ხაზთან ახლოს მუშაობდა, ასობით დაბომბვა გადაიტანა, კონტუზიები და ხშირად ჭრილობებიც მიიღო. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა უბრალოდ ვეღარ შეძლოს. დაიღალოს, შეეშინდეს. ასეთ დროს სხვა პოზიციაზე გადაგვყავს, მაგალითად, დისტანციურად მართვადი დრონის პილოტად.
მებრძოლს ყოველთვის შეუძლია მოვიდეს და თქვას: „აღარ შემიძლია“. ან თავადაც ვხედავთ მის მდგომარეობას. გატეხილი ადამიანის პოზიციაზე გაშვება სახიფათოა, რადგან კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება არასწორად იმოქმედოს.
თუ კონკრეტულად ჩემს ქვედანაყოფზე ვსაუბრობთ, საჩივარი ცოდვა იქნება. უპილოტო სისტემების პილოტობა ბევრად მარტივი სამსახურია, ვიდრე ქვეითის, მზვერავის, სნაიპერის ან არტილერისტის საქმე. თუმცა ყველას აქვს თავისი ზღვარი.
სამოქალაქო ცხოვრებაშიც ასეა, როცა ხვდები, რომ რაღაცას ვეღარ უმკლავდები.
მაგრამ სამოქალაქო ცხოვრებაში შეგიძლია გაჩერდე, მედიტაციებით დაკავდე ან ბალიზე წახვიდე. არმიაში ასეთი არჩევანი არ არსებობს. ვერ იტყვი: „დავიღალე, ვტოვებ სამსახურს და ყვავილების მოყვანას ვიწყებ“.
ამიტომ, თუ კრიზისის მართვა არსებობს, ის მეთაურობაზე მოდის. თუმცა უპილოტო სისტემების სფეროში ეს გაცილებით მარტივია, ვიდრე მექანიზებულ ბრიგადებში, სადაც ხალხის მწვავე დეფიციტია.
„ქვეითად მებრძოლი, მზვერავი, სნაიპერი ან არტილერისტი ყოფნა უფრო რთულია. მაგრამ ყველას აქვს ზღვარი, რომელსაც ან უმკლავდება, ან ვერა“
თქვენ როგორი მეთაური ხართ? კარგი თუ არც ისე? ხშირად ფიქრობთ, სწორად მოიქეცით თუ შეცდით? ვისგან სწავლობთ?
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს კარგი მეთაური. მაგრამ კარგი მეთაური ისაა, ვისაც მტრის მაქსიმალური დანაკარგი და საკუთარი პირადი შემადგენლობის მინიმალური დანაკარგი აქვს.
ჩემი სურვილი, ვიყო კარგი მეთაური, საერთოდ არ უკავშირდება მედიურ პოპულარობას ან ლამაზ სურათს. როცა ადამიანები ჩემთან მოდიან, ვეუბნები: შეიძლება მძულდეთ და იქნება მომენტები, როცა ნამდვილად შეგძულდებით. მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ შინ ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდეთ.
არ არის აუცილებელი, გიყვარდეთ ან ჩემით ამაყობდეთ. თუ ბრძანება მკაფიოდ ვერ მივეცი, თუ რაღაც არ ავუკრძალე ან არ ავუხსენი, ჩემი შეცდომა შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს. ამიტომ, ალბათ, როგორც მეთაური, საკმაოდ მკაცრი და აუტანელი ვარ.
ბევრს ვკითხულობ სამხედრო ისტორიას. თუ რომელიმე თემას შევეჭიდე, ბოლომდე ვიკვლევ. ერთ დროს ორი წელი იუგოსლავიის ომებს ვსწავლობდი. უკვე თითქმის ერთი წელია მეორე მსოფლიო ომს ვიკვლევ. ვკითხულობ ლიდერების ბიოგრაფიებს, მათ შორის თანამედროვე ლიდერებისასაც, რომ საჭირო გაკვეთილები ვისწავლო.
რამდენიმე შესანიშნავ მეთაურს პირადად ვიცნობ. მიყვარს სხვა პილოტებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაცვლა, იმის გაგება, როგორ მუშაობენ სხვები. ვუყურებ ინტერვიუებსა და გადაცემებს წარმატებული ოპერაციების შესახებ. ომი დღეს ძალიან დინამიკურია და თუ არ სწავლობ, შედეგებში მაშინვე აისახება.
რადგან ახლა მეთაური ხართ, თავად უფრო ნაკლებად დაფრინავთ?
სამწუხაროდ, დიახ. ადმინისტრაციული საქმე ძალიან ბევრია, საბრძოლო სამუშაო კი ნაკლები. ეს ჩემთვის რთული ნაბიჯი იყო, რადგან დღემდე მრცხვენია, რომ აქ ვარ და არა იქ, წინა ხაზზე. მუდმივად გიწევს საკუთარ თავს აუხსნა, სად ხარ უფრო სასარგებლო.
რა თქმა უნდა, ფრენები მენატრება. როცა შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, ისევ ვიფრინო ან პოზიციების მოძიებაში მივიღო მონაწილეობა.
რისთვის დაგაჯილდოვათ პრეზიდენტმა მიმდინარე წლის თებერვალში ბოგდან ხმელნიცკის III ხარისხის ორდენით?
არ ვიცი. ისიც კარგი ბონუსია, რომ ჯილდო სიკვდილის შემდეგ არ გადმომცეს.
ასეთ ორდენს სამსახურის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სიმამაცისთვის, ასევე პირადი მაგალითისთვის აძლევენ. ვფიქრობ, სწორედ იმ დროს შესრულდა ერთი წელი პოლკის ფორმირებიდან. ჩვენს ქვედანაყოფზე მოდიოდა მტრის დანაკარგების დაახლოებით 80 პროცენტი: მექანიზებული შტურმების მოგერიება, მოწინააღმდეგის ქვეითი ძალების განადგურება. ამიტომ ეს საერთო ჯილდოა.
თქვენ თქვით, რომ გინდოდათ ისეთი თაობის პილოტები აღგეზარდათ, რომლებიც თქვენზე უკეთესები იქნებოდნენ და დავალებებსაც უკეთ შეასრულებდნენ. რამდენი ასეთი თაობა გყავთ უკვე?
თაობების დათვლა რთულია, რადგან ქვედანაყოფები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნებისმიერი ძუძუმწოვრის რეპროდუქციული ციკლი გრძელდება.
სინამდვილეში, ჩემზე უკეთესი პილოტები უკვე პირველივე ჯგუფში გამოჩნდნენ, მაშინ, როცა პოლკი ჯერ ბოლომდე დაკომპლექტებულიც არ იყო.
ბევრი მათგანი, ვისაც ვასწავლიდი ან ვისთან ერთადაც თავად ვსწავლობდი, უკვე ოფიცერია და თავის მხრივ ახალ თაობებს ზრდის.
კარგი პილოტის მოსამზადებლად დაახლოებით ექვსი თვეა საჭირო. ადამიანმა უნდა გაიაროს საბაზისო სწავლება, განივითაროს ტექნიკური უნარები, ისწავლოს სახმელეთო ჯგუფებთან და საბრძოლო დანაყოფებთან კოორდინაცია.
არ კმარა, უბრალოდ დრონს მართავდე და რუკაზე გეუბნებოდნენ: „ორი მეტრით მარცხნივ, ორი მეტრით მარჯვნივ“. კარგია, როცა ეკიპაჟი უკვე დამოუკიდებელ საბრძოლო ერთეულად მუშაობს: თავად პოულობს მოწინააღმდეგეს, თავად აცნობებს გაფრენის შესახებ, თავად არჩევს საბრძოლო მასალას, მიფრინავს და დამოუკიდებლად აღწევს მაღალ შედეგებს.
თქვენს პილოტებს რას ეძახით?
„ბავშვებს“ ვეძახი. „ბეღურებს“ ვეძახი. ზოგიერთი ბეღურა ჩემზე ორჯერ დიდია, მაგრამ მაინც ჩემი ბავშვები არიან, რადგან ჩემთან მოვიდნენ და სწორედ მე მენდვნენ, როგორც მეთაურს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ისინი თქვენ რას გეძახიან?
ან ჩემს საბრძოლო სახელს იყენებენ, ან „ქალბატონო მეთაურო“ მეძახიან.
ხდება ხოლმე, რომ სხდომაზე თქვენი მებრძოლების წარმატებებს უსმენთ და ფიქრობთ: „ჩემები საუკეთესოები არიან“?
სინამდვილეში, ყოველთვის ვეუბნები, რომ მე უფრო მეტად მჯერათ მათი, ვიდრე ბავშვობაში მშობლებს სჯეროდათ მათი.
ვიცი ამ ადამიანების პოტენციალი და ვხედავ, რამდენად ბევრს ვტოვებთ ჯერ კიდევ გამოუყენებელს. სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო.
საიდან ვიცი მათი პოტენციალი? ვხედავ, როგორ სწავლობს ეკიპაჟი, როგორ გადის პირველ ეტაპებს, როგორ ყალიბდება. პროფესიული გამოცდილება საშუალებას გაძლევს დაინახო, სად აკლიათ თავდაჯერება, სად ცოდნა.
თუ ერთი კვირის სტატისტიკას შეაგროვებ და გააანალიზებ, ხვდები: თუ ამ შეცდომას გამოასწორებენ, თუ ამასაც ისწავლიან, მათი ეფექტიანობა, მაგალითად, 11 პროცენტით გაიზრდება.
ეს საკმაოდ მარტივი გამოთვლებია. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა შედეგს აჩვენებენ, ვაქებ და ვამაყობ კიდეც მათით.
„თუ ბრძანება მკაფიოდ ვერ მივეცი, თუ რაღაც არ ავუხსენი, ჩემი შეცდომა შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს. ამიტომ, ალბათ, როგორც მეთაური, მკაცრი და აუტანელი ვარ“
როგორ შეგცვალათ ომმა? რა გასწავლათ?
საშუალო ასაკის კრიზისი უკვე საკმაოდ ხმამაღლა აკაკუნებს ჩემს კარზე.
ხშირად მეწყება პანიკის განცდა, როცა ვიღვიძებ და ვხვდები, რომ ცხოვრების ის ნაწილი, როცა ახალგაზრდა, ძლიერი და ენერგიული ხარ, უკვე გავიდა, ხოლო, ტრადიციული გაგებით, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია.
არ გამიხსნია ბიზნესი, არ ამიშენებია სახლი, არ დამიწერია წიგნი, არ გამიზრდია სამი შვილი.
მეორე მხრივ, ომი გასწავლის, არ იფიქრო იმაზე, რასაც ვერ შეცვლი. გაქვს კონკრეტული ამოცანები? მაშინ ისინი უნდა შეასრულო.
ყოველთვის მახსენდება, რომ ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ამ რვა წლის განმავლობაში მე ჩემს ცხოვრებას ვცხოვრობდი, კარიერას ვიწყობდი, ვმოგზაურობდი. ამავე დროს, უამრავი ადამიანი 2014 წლიდან დღემდე ომით იყო დაკავებული. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ წუწუნის უფლება არ მაქვს.
ვერ ვიტყვი, რომ ომმა ბევრი კარგი რამ მომცა. ჩემი ხასიათი ბევრად უფრო მკაცრი გახდა.
რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტი ადამიანი გაბარია, მით უფრო მკვეთრი და პირდაპირი ხდები.
ვისწავლე ზედმეტის მოცილება. დრო აღარ დავხარჯო ზედმეტ ადამიანებზე, ზედმეტ მოვლენებზე და ზედმეტ განცდებზე.
თქვენ არ გიყვართ არმიაში გენდერულ თემებზე საუბარი. მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ: რას უსურვებენ ქალს დაბადების დღეზე ჯარში? მაგალითად, როგორც სამოქალაქო ცხოვრებაში ამბობენ ხოლმე: „ქალურ ბედნიერებას“ და„მტკიცე მხარს“?
ჩვეულებრივ, სამხედროებს უსურვებენ, შემდეგ დაბადების დღეს ოჯახურ წრეში შეხვდნენ.
ომამდეც და ომის დროსაც ვამბობდი, რომ ფემინისტური იდეების საუკეთესო გამხმოვანებელი ნამდვილად არ ვარ. ამიტომ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ ვერც „ქალურ ბედნიერებაში“ და ვერც „მტკიცე მხარში“.
უბრალოდ, ჩემი „ქალური ბედნიერება“ ცოტათი განსხვავდება სხვისისგან.
პირობითად რომ ვთქვათ, დღეში 120 მოკლული რუსი მინდა. აი, ეს არის ჩემი ქალური ბედნიერება.
საერთოდ კი, ბედნიერება კაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის ერთნაირია.
ომამდე ექსტრემალური სპორტით, კერძოდ ენდუროთი იყავით გატაცებული. როგორ გამოგადგათ ეს გამოცდილება?
უპირველესად, ფიზიკური მომზადებისა და გამძლეობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ნებისმიერი სპორტი დისციპლინას გასწავლის. გასწავლის საკუთარი შეცდომების მიღებას. თუ რაღაც პირველად არ გამოგივიდა, მეასედ ან ასორმოცდამეათედ ცადე, მაგრამ მაინც გააკეთე.
ეს ყველაფერს ეხება, რასაც არმიაში ვაკეთებ.
დრონის მართვის პულტით ხელში არ დავბადებულვარ. „მავიკებიც“ დამიკარგავს, დიდი დრონებიც ჩამომიგდეს, მიზანში ზუსტად მოხვედრაც და ერთი გაფრენით ტანკის განადგურებაც თავიდანვე არ შემეძლო.
ეს ყველაფერი გამოცდილების, დაკვირვებისა და შეცდომების ანალიზის შედეგია.
ადრენალინი, რომელსაც სპორტი მაძლევდა, ომში აღარ მჭირდება. მადლობა, საკმარისია.
ახლა კონტროლის განცდას რუტინული დავალებების შესრულება მაძლევს: პოზიციების ძებნა, 25 კილომეტრის გავლა, ბუნკერების აღმოჩენა, FPV დრონებისგან თავის არიდება და ფეხით უკან დაბრუნება.
პირად საკითხზე მინდა გკითხოთ, რაზეც თითქმის არასოდეს საუბრობთ. ომში სიყვარულისა და ურთიერთობებისთვის ადგილი რჩება?
ალბათ, ზოგისთვის რჩება.
როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს: „უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გვექნება“.
თუ ადამიანები დროს პოულობენ რომანტიკისთვის და ურთიერთობებისთვის, და ეს პროფესიულ ეთიკას არ ეწინააღმდეგება, მშვენიერია.
მე ურთიერთობაში არ ვარ, ამიტომ შეუძლიათ ხელი მთხოვონ კიდეც. ვხუმრობ.
ვერც შევძლებდი და არც ვისურვებდი ურთიერთობას საკუთარ ქვედანაყოფში. პროფესიული თანამშრომლობა და რომანტიკა რთული შესათავსებელია, განსაკუთრებით ჭორების გარეშე.
შეიძლება თუ არა მომავალში ურთიერთობა მქონდეს? არ ვიცი. ეს სამხედრო ოპერაცია არ არის, რომ დაგეგმო.
ბებიას ორი გამოთქმა ჰქონდა ასეთ შემთხვევებზე.
პირველი: „სიყვარული ღუმელზეც მოგაგნებს“.
მეორე კი მაშინ, როცა გაიგებდა, რომ ქალი ასაკში შედიოდა და გათხოვილი არ იყო: „კენკრა მაშინ უნდა მოწყვიტო, როცა მწიფდება, თორემ მერე თავისით ჩამოვარდება“.
რას აკეთებთ საკუთარი თავისთვის და არა მხოლოდ თქვენი მებრძოლებისა და გამარჯვებისთვის?
მინდა მჯეროდეს, რომ მხოლოდ სამხედრო არ ვარ, არამედ ადამიანიც.
მაგრამ მივხვდი, რომ დასვენება არ შემიძლია. გადართვაც არ შემიძლია.
ჩემთვის წარმოუდგენელია შვებულებაში წასვლა და ერთი კვირის განმავლობაში ზარებზე პასუხის არგაცემა.
სწორედ ამიტომ არ დავდივარ შვებულებაში. სერიოზულად.
ჩემი მეთაური ხუმრობს, რომ ბელგიურ ნაგაზ მალინუას ვგავარ.
მუშაობა მანამდე მჭირდება, სანამ სრულიად არ გამოვიფიტები. მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი.
მალინუას შესრულებული დავალების შემდეგ ბურთით თამაში უხარია. თქვენ რა გახარებთ?
ბურთიც კი არ მაქვს.
მიხარია კარგი ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, მოტოციკლით სადმე წასვლა.
როცა ამისთვის დრო მრჩება.
exchange