შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საქართველოს წითელი ხაზები გადაკვეთა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუციები საქართველოს სუვერენიტეტზე “უხეშ თავდასხმად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ამ დოკუმენტებმა ქართველი ხალხის მიერ დადგენილი “წითელი ხაზები” საბოლოოდ გადაკვეთეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 24 ივნისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 1 იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი ასამბლეის წინა შეფასებებს იმეორებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, ასევე ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, ოპოზიციასა და კრიტიკულ ხმებზე, კვლავ გრძელდება.
17 ივნისს კი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებულია და პასუხისმგებლობა მთლიანად მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ეკისრება.
ბრიფინგზე გამოსვლისას პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციები არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ, არამედ თავად ქართული სახელმწიფოებრიობის იდეასაც უპირისპირდება.
მისი თქმით, ევროპარლამენტმა ევროკავშირის სახელისა და ევროპული ინტეგრაციის იდეის გამოყენებით, პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ქართველი ხალხის მიერ “ბრძოლით და სისხლით” მოპოვებულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში, რომლის ავტორიც ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა, იმგვარ პოლიტიკურ გზავნილს შეიცავს, თითქოს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ამომრჩეველს, არამედ „ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას“ ეკუთვნის. მისი თქმით, ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელისუფლების წყარო ხალხის ნებაა.
“ევროპარლამენტი პრაქტიკულად ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანის ნაცვლად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნდობით უნდა განისაზღვროს. ამგვარ მიდგომაში თანასწორ პარტნიორთა კავშირის ნაცვლად ფეოდალური ვასალიტეტის ლოგიკა იკვეთება”, – თქვა პაპუაშვილმა
მისი განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიცია იმითაც არის პრობლემური, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხს ისე განიხილავს, თითქოს ამის გადაწყვეტა ქართველი ამომრჩევლის ნაცვლად გარე პოლიტიკურ ცენტრებს შეუძლიათ. პაპუაშვილმა ეს მიდგომა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასაც შეადარა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარყოფს, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე.
პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეზოლუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოხსენიებაზეც. მისი თქმით, ეკლესიის რუსული რელიგიური ქსელებისა და გავლენის ოპერაციების კონტექსტში ხსენება „ოფიციალური ევროპული ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკლესიაზე პირველი ღია თავდასხმაა“ და შეურაცხყოფას აყენებს მილიონობით მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს.
მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის პრინციპულია, რომ ევროკომისია მკაფიოდ გაემიჯნოს ევროპარლამენტის ამგვარ შეფასებებს. პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქართულ ეკლესიასა და საქართველოს სუვერენიტეტზე ერთდროული შეტევა სახელმწიფოს ისტორიულ საფუძვლებზე შეტევას ნიშნავს.
ბრიფინგზე პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოხსენიებას. მისი თქმით, ზურაბიშვილს მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფო უფლებამოსილება აღარ გააჩნია, მაშინ როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს ევროპარლამენტი “დე ფაქტო ხელისუფლებად“ მოიხსენიებს. პაპუაშვილის თქმით, ასეთი შეფასება უპატივცემულობაა იმ 2.1 მილიონი ამომრჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას საქართველოსთან დიალოგის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს “მტრული რიტორიკა“ ქართველი ხალხისა და ეკლესიის მიმართ, დასრულდეს დეზინფორმაცია საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და სრულად იქნეს აღიარებული ქვეყნის სუვერენიტეტი.
“ფარისევლობაა, როდესაც, ერთი მხრივ, ევროპარლამენტი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას გმობს, ხოლო მეორე მხრივ, თავად ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვიტოს“, – თქვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპების “შერჩევითი გამოყენება“ ნიშნავს, რომ ევროპარლამენტი უარს ამბობს სახელმწიფოთა თანასწორობისა და ხალხთა თავისუფალი ნების პატივისცემაზე.