SJC: ცხინვალში მიმდინარე ცვლილებები რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალ ეტაპზე მიუთითებს
ცხინვალში მიმდინარე ცვლილებები
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) შეფასებით, ბოლო კვირებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის ახალ ეტაპზე გადავიდა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე: 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ახალ შეთანხმებაზე და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლის, მარატ კამბოლოვის, ჯერ ე.წ. პრემიერ-მინისტრად, შემდეგ კი ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს პროცესები მიუთითებს, რომ მოსკოვი აღარ კმაყოფილდება რეგიონის არაპირდაპირი კონტროლით და დე ფაქტო მმართველობის უშუალო ადმინისტრაციულ მართვაზე გადადის.
SJC აღნიშნავს, რომ 9 მაისის ე.წ. შეთანხმება “მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ რუსულ-ოსური ურთიერთობების მორიგ, მაგრამ თვისებრივად ახალ ეტაპს ქმნის. მათი განმარტებით, დოკუმენტი მხოლოდ უსაფრთხოების ან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას არ ეხება, ის ასევე ითვალისწინებს, რომ ერთი მხარის მოქალაქეებმა მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში თანამდებობები დაიკავონ.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ჩანაწერმა გახადა შესაძლებელი რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული სივრციდან წამოსული კადრის, მარატ კამბოლოვის ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პოზიციაზე დანიშვნა.
ორგანიზაციის შეფასებით, კამბოლოვის დაწინაურება არ უნდა განიხილებოდეს როგორც ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება ან მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის ტექნიკური გადაწყვეტა. SJC წერს, რომ ამ ნაბიჯით მოსკოვმა ცხინვალის დე ფაქტო მმართველობის შიგნით საკუთარი ადმინისტრაციული კადრი პირდაპირ შეიყვანა, რაც, მათი შეფასებით, აჩვენებს, რომ რუსეთი ადგილობრივ ელიტებზე დამოკიდებულების შემცირებას და მმართველობის საკვანძო რგოლების უშუალოდ საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიმდინარე პროცესს 2008 წლის შემდეგ გაფორმებული სამი შეთანხმების კონტექსტში განიხილავს და ამბობს, რომ ეს არის თანმიმდევრული, ეტაპობრივი ანექსიური პოლიტიკის გაგრძელება.
- მათი შეფასებით, 2008 წლის შეთანხმებამ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ყოფნის სამართლებრივი ჩარჩო შექმნა, 2015 წლის შეთანხმებამ გააღრმავა უსაფრთხოების, საბაჟო, სოციალური და ადმინისტრაციული ინტეგრაცია, ხოლო 2026 წლის დოკუმენტი უკვე მმართველობითი ინსტიტუტების პირდაპირი ათვისების ეტაპზე გადასვლას ასახავს.
SJC ხაზს უსვამს, რომ ახალი შეთანხმება სცდება თანამშრომლობის ჩვეულებრივ ჩარჩოს და მოიცავს ერთიანი ეკონომიკური სივრცის, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციის, შრომითი და სოციალური კანონმდებლობის დაახლოებისა და ინფრასტრუქტურული სისტემების ეტაპობრივი გაერთიანების მექანიზმებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ქმნის საფუძველს არა მხოლოდ რუსეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისთვის, არამედ რუსეთის მოქალაქეების, კაპიტალისა და ინსტიტუტების უფრო ფართო შესვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ რუსეთისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები ვერ ცვლის ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისას, თუმცა მათი პრაქტიკული შედეგი მძიმეა.
ცენტრის შეფასებით, ამ შეთანხმებებით ძლიერდება რუსეთის ეფექტური კონტროლი რეგიონზე, მცირდება ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანის სივრცე და იზრდება სამხედრო, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ჩართულობა, რაც ფაქტობრივი ანექსიის მდგომარეობას კიდევ უფრო ამყარებს.
ორგანიზაცია ასევე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებას მკაფიო და საგანგებო პოზიცია არ გამოუხატავს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიუთითებს, რომ პარლამენტში ჩავარდა სპეციალური რეზოლუციის მიღების საკითხიც, რომელიც 9 მაისს გაფორმებულ ახალ შეთანხმებას უკავშირდებოდა.
მათივე შეფასებით, ეს დუმილი განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ცვლილებები უკვე სცდება იზოლირებული საკადრო გადაადგილების ფარგლებს და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიის ინსტიტუციური შთანთქმის ნიშნებს იძენს.
ცენტრის თქმით, 2026 წლის შეთანხმება და კამბოლოვის დანიშვნა ერთად ქმნის ახალ რეალობას, სადაც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველობა სულ უფრო მეტად ექცევა რუსეთის ადმინისტრაციული სისტემის გავლენის ქვეშ.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- მკაფიოდ და საჯაროდ შეაფასოს 2026 წლის ე.წ. ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა როგორც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი;
- გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
- მოითხოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმების არაღიარება და დაგმობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
- გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
- შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.