თიკანი ნური - ფაფრიანი ცხვრების ოჯახის ახალი წევრი. სცენები თბილისის ზოოპარკიდან. ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
ფაფრიანი ცხვრები თბილისის ზოოპარკში
თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი, თიკანი ნური, ფაფრიანი ცხვრების ოჯახის ახალი წევრია. ფაფრიანი ცხვარი, ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებული გარეული ცხოველია, სახელი ნურიც აფრიკულ ენებზე სინათლეს ნიშნავს.
პატარა ნური თავს კარგად გრძნობს, თუმცა ჯერ ფრთხილობს და დედას არ სცილდება.
ფაფრიანი, იგივე ბერბერული ცხვრები, საქართველოში, 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ჩამოვიდნენ. ფაფრიანი ცხვრების ოჯახი თბილისის ზოოპარკს ბრიტანელმა კოლეგებმა გადასცეს. ბუნებაში ფაფრიანი ცხვარი არცთუ ისე გავრცელებულია, ამიტომ ზოოპარკში მათი გამრავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ეს სახეობა გამოირჩევა გამძლეობითა და საოცარი ადაპტაციის უნარით — მათი სქელი, ფაფრიანი ბეწვი იცავს როგორც სიცივისგან, ისე სიცხისგან, რის გამოც სხვადასხვა კლიმატურ პირობებში თავისუფლად შეუძლიათ ცხოვრება.თბილისის გარემოსაც მარტივად შეეგუვნენ და აქ თავს კარგად გრძნობენ.
ფაფრიანი ცხვრები ჩვეულებრივ მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ. ჯგუფს დედლები, მათი ნაშიერები და ერთი დომინანტი მამრი შეადგენს. მამრი ასეთ ჯგუფში ლიდერის პოზიციას სხვა მამრებთან შერკინების გზით მოიპოვებს.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.