არსებობს კითხვა, რამდენად მდგრადია საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა - EBRD
რამდენად მდგრადია საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორის, კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მდგრადია ამჟამად საქართველოში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე. ამის შესახებ ბიორლინ ჰანსენმა “ბიზნესფორმულასთან” ისაუბრა.
მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული, მათ შორის მიგრაციით, გადაზიდვების და ექსპორტის ზრდით. თუმცა, მისი განმარტებით, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი ზრდის ტემპი იქნება მომავალში.
როგორც EBRD-ის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, საქართველოში დღეს არსებული 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და ამას არავინ ელოდა. მისივე თქმით, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვარაუდით, საქართველოს მომავალშიც ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა – მომავალ წელს 5 პროცენტი. “თუმცა არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია”.
“რამდენიმე ძირითადი ფაქტორია, რაც დღევანდელ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს – ერთი ეს ნამდვილადაა მიგრანტების მზარდი ნაკადი, მეორე – საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით გააქტიურებული გადაზიდვები. ასევე, საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ექსპორტიც გაზრდილია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სწრაფად გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს გაზრდილი ტვირთნაკადისგან, ასევე გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება.“ – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
● საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი არიან
წელს იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 10.2%-ით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 10% იქნება, რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლიაზიზა საბიროვას განმარტებით, მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ცნობით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია.