საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი მიუთითებს იმაზე, რომ 2027 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს და სულ მცირე 10 540 დოლარს შეადგენს, რაც იმის წინაპირობაა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს. როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4 260 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 6 770 დოლარს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება 2030-ისთვის სიღარიბის “პრაქტიკულად ან რეალურად განულებას” მოახერხებს:
“დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი – ეს არის 17.5%, გასული წლის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ 650 000-მდე ადამიანი, სამწუხაროდ, ცხოვრობს ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი. თუ იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხებთ უკვე 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას.”
● მექსიკის გავლით ამერიკაში – სად და რატომ გარბიან ქართველები
● PMCG: საქართველოს მოსახლეობის 23 პროცენტი ემიგრაციაშია წასული
● საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა. რა გაძვირდა და ვინ გაღარიბდა ყველაზე მეტად
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 10.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლიაზიზა საბიროვას განმარტებით, მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ცნობით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია.