რა ვიცით გლდანის ციხეში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილზე. 8 ნოემბრის ქრონოლოგია
8 ნოემბრის საღამოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილი გლდანის ციხეში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
სააკაშვილი უკვე 40 დღეა შიმშილობს. ის სვამს წყალს და ასევე იღებდა ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ფაფებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ციხის ექიმის კაბინეტში გადაღებული კადრები, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ექიმების მიწოდებულ საკვებს იღებს კოვზით, სააკაშვილმა ამ ტიპის საკვების მიღებაზეც უარი განაცხადა.
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● მეუფე ნიკოლოზი: სააკაშვილის ღვაწლი დემეტრე თავდადებულის და დავით აღმაშენებლის მსგავსია
სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ექიმთა კონსილიუმი, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიქმნა, ასევე სახალხო დამცველი, სააკაშვილის ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ მის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ასევე “მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა, იგივე მოთხოვნით შიმშილობს სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი. ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე პირველი დღიდან უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხეში უმკურნალებდნენ. გლდანში გადაყვანის წინააღმდეგი იყო თავად სააკაშვილი.
საბოლოოდ, 8 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან სააკაშვილი მოტყუებით გლდანის ციხეში გადაიყვანეს. თანაც ისე, რომ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მის ადგილსამყოფელზე არაფერი იყო ცნობილი.
პატიმარი B 318 საკნიდან. რა ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე
სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილს მოატყუეს, რომ იგი არა ციხის საავადმყოფოში, არამედ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაჰყავდათ.
ამიტომაც, კადრებზე, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი ნებაყოფლობით, საკუთარი ნებით ალაგებს ბარგს საკანში.
კადრებზე გადაღებულია პროცესი, როდესაც სააკაშვილი ბარგს ალაგებს, რათა საკანი დატოვოს. ვიდეოზე არ არის ხმა და ჩანს დრო, როდის არის ჩაწერილი.
ვიდეოს პირველი კადრი იწყება 17:15 წუთზე. ამ დროს სააკაშვილი საკანშია და უკვე ალაგებს ბარგს. ბოლო კადრი 17:36 წუთზეა გადაღებული. აქ უკვე სააკაშვილი რუსთავის ციხეს ტოვებს – ხელში ორი პარკი უჭირავს და ციხის კიბეებზე ჩადის ბადრაგებთან ერთად.
სააკაშვილის საკანში ორი რკინის საწოლი დგას, ერთი პატარა მაგიდა, იატაკზე მიჭედებული სკამი, პატარა ტუმბო და კერელზე ორი თარო ჰკიდია.
ოთახში ჩართულია ელექტრო გამათბობელი. მაგიდაზე დევს ორი მწვანე პლასტმასის ჭიქა თურქული ყავის ნარჩენებით, პატარა ტელევიზორი, წიგნების და ქაღალდების გროვა, მაგიდის სანათი.
იქვეა წყლის მადუღარა და წყლის ცარიელი და სავსე ბოთლები.
ოთახში არეულობაა. საწოლზე და იატაკზე უწესრიგოდ ყრია ამობეჭდილი თაბახის ფურცლები და წიგნები. წიგნებს შორისაა დენ ბრაუნის The Lost Symbol და იუვალ ნოე ჰარარის ჰომო დეუსი: ხვალინდელის მოკლე ისტორია .
კედელზე ლეიკოთი მიწებებულია პრინტერზე ამობეჭდილი ორი ფოტო. ორივე ფოტოზე ლიზა იასკოა მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
მესამე პრეზიდენტი ბარგს ორ გამჭვირვალე პარკში უწესრიგოდ ალაგებს – ტანსაცმელს, საცვლებს, gillette-ის წვერის საპარსს, წიგნებს და რვეულს. საკნიდან ის ბადრაგებთან ერთად გადის.
თუ დერეფანში საკნების ნუმერაციას დავაკვირდებით, სააკაშვილის საკნის ნომერი რუსთავის ციხეში, სავარაუდოდ, იყო B 318.
ბადრაგებს სააკაშვილი გასასვლელისკენ მიჰყავთ. მას ორი პარკი უჭირავს. ერთი ბადრაგი მას ერთ პარკს გამოართმევს.
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
როგორ მოხვდა სააკაშვილი გლდანის საავადმყოფოში
სააკაშვილი რომ რუსთავის ციხეში არ იყო, ამის შესახებ პირველი ინფორმაცია გიული ალასანიამ გაავრცელა.
მისი გადაყვანის შესახებ პენიტენციურ უწყებას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია – არც სახალხო დამცველის აპარატისთვის უთქვამთ წინასწარ, არც ოჯახისთვის და არც ადვოკატებისთვის.
17 საათსა და 59 წუთზე – ანუ, სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანიდან დაახლოებით ნახევად საათში “მთავარ არხს” უკვე ედო ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეში აღარ იყო.
18 საათსა და 57 წუთზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე” ნომერ მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მანამდე, საათზე მეტი ხნის განმავლობაში, უცნობი იყო სად იმყოფებოდა სააკაშვილი.
რუსთავის ციხიდან გლდანის მეშვიდე მიკრორაიონამდე, სადაც არის ციხის საავადმყოფო, 50 კილომეტრამდეა, რაც საათზე ცოტა ნაკლები გზაა.
ცნობილია, რომ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
რას ამბობს იუსტიციის მინისტრი
მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ციხეში გადაყვანისას ყოფილმა პრეზიდენტმა პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ამ ახალ დაწესებულებაში, #18-ში, მან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მანვე თქვა, რომ უწყებას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება:
„ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ, ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს“.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში, უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ექს-პრეზიდენტმა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.
„იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ ციხეში შეყვანისას ექს-პრეზიდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან. ჩვენი ეჭვების გასაფანტად, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას“, – აცხადებს გვარამია.
სახალხო დამცველი გლდანის ციხეში
8 ნოემბერს ღამე, სააკაშვილი გლდანის საავადმყოფოში მხოლოდ სახალხო დამცველმა და მისი აპარატის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ნახა. მათ თქვეს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალით გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე, რომელმაც სააკაშვილის მონახულება შეძლო, ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
„მას [მიხეილ სააკაშვილს] არ უნდოდა გადმოსვლა #18 დაწესებულებაში. მანქანიდან გადმოიყვანეს და შეასახლეს ძალის გამოყენებით, ვინაიდან პროტესტის ნიშნად აცხადებდა უარს, არ გადმოდიოდა მანქანიდან. მოკიდეს ხელი და აიყვანეს საკანში. უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას“, – განაცხადა მიხეილ ღოღაძემ.
ღონღაძე ამბობს, სააკაშვილის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები ვერ შენიშნა.
მისივე თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილისგან შეიტყო, ის გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად იზოლირებულ პალატაში იმყოფება და “მის პერიმეტრზე” პატიმრები არ არიან.
მოგვიანებით, სააკაშვილი ნახა თავად სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც.
ლომჯარიაც ასევე ადასტურებს, რომ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გასწია მანქანიდან გადმოსვლისას, როდესაც მიხვდა, რომ იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.
სააკაშვილის მონახულების უფლებას მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც ითხოვდა, ასევე ექს-პრეზიდენტთან შესვლას ითხოვდა მისი ადვოკატი ნიკა გვარამია. 8 ნოემბერს ღამე მათ შესვლაზე უარი ეთქვათ იმ მიზეზით, რომ იყო არასამუშაო საათები.
ყიფშიძე შიშობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას ციხის ექიმები ვერ შეძლებენ.
“პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოჯერ ვნახე გუშინ, იყო საკმაოდ სუსტად. დღეს დილას ამიტომ ჩავატარეთ კონსილიუმი. მინდა გითხრათ, რომ ეს კონსილიუმი ავადმყოფის გარეშე ჩავატარეთ. რამდენიმე საათი ვიყავით იქ, თუმცა მიშა არ გვინახავს. ამიტომ ვითხოვ, მოვითხოვ, ვთხოვ, არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვნახო პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან ძალიან ვღელავ მისი მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ გუშინ და დღეს მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ ჩემი აზრით, მისი ნახვა აუცილებელია დღეს ჩემს მიერ და ასევე ჩემი კოლეგების მიერ”, – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.
“შუმოკი” გლდანის ციხის საავადმყოფოში
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილის გლდანში გადაყვანისთანავე მოხდა ის, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი ამახვილებდა ყურადღებას – ციხეში ატყდა ხმაური – პატიმრებმა ე.წ. “შუმოკი” მოაწყვეს. მათი საკნებიდან მთელი ღამის განმავლობაში სააკაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები და გინება ისმოდა.
სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორია და მის უკან ხელისუფლება დგას. მათი თქმით, ეს აგრესია მოსალოდნელი იყო და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი კატეგორიულად მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას.
მიხეილ სააკაშვილის ციხის მეთვრამეტე საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი სახალხო დამცველის აპარატი ორი მოსაზრების გამო იყო.
პირველი, ეს იყო ამ საავადმყოფოს არასათანადო აღჭურვილობა – მაგალითად, გლდანში არ ჰქონდათ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რაც სააკაშვილს სჭირდებოდა.
ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფლებამ ასე გადაწყვიტა – სააკაშვილის შესახლების დღეს, გლდანის ციხის საავადმყოფოში ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს.
მეორე მოსაზრება, ეს იყო უსაფრთხოება. საქმე იმაშია, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება გლდანის მერვე ციხის ტერიტორიაზეა. მერვე ციხე ჩვეულებრივი ციხეა – სადაც მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტებიც იხდიან სასჯელს. “ჩვეულებრივი” ტიპის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მოთავსება კი, საშიშია – ამბობდა სახალხო დამცველის აპარატი.
რუსთავი მე-12 ციხეში, სადაც სააკაშვილი აქამდე ჰყავდათ, სწორედ განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებს ათავსებენ – ისეთებს, რომელთა ყოფნა ჩვეულებრივ ციხეში, რიგით მსჯავრდებულებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან, უსაფრთხო არ არის.
მაგალითად, რუსთავის ციხეში ჰყავთ ყოფილი პოლიციელები, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები ანუ ის ხალხი, ვინც თავისუფლებაზე ყოფნის დროს სხვა კრიმინალებს ერჩოდა, აპატიმრებდა და ა.შ.
“პატიმარი რომ ხარ, ვინც დაგიჭირა მასთან ერთად არ უნდა ჩაგსვან ერთ ციხეში და ერთ საკანში არ უნდა მოგათავსონ, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია? ამას მოჰყვება დიდი არეულობა და დეზორგანიზაცია, ამიტომ ამ ციხეში მოთავსებულ პატიმარს აქვს განსაკუთრებული უსაფრთხოების საჭიროება,” – უთხრა “რადიო თავისუფლებას” სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.
პირველი წერილი გლდანიდან: „გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში”
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი ადვოკატია, ბრიფინგზე წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც მან გლდანის ციხის საავადმყოფოში დაწერა:
სააკაშვილი აღწერს რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანში, #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის პროცესს.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას გადაყვანის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – როდესაც ის უწევდა წინააღმდეგობას, დააგდეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში და ათრიეს თმებით. ასევე იგი ამბობს, რომ გლდანის ციხეში მყოფი პატიმრები მას აგინებდნენ და უყვიროდნენ. სააკაშვილი ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოს პერსონალი მას ასევე უხეშად ექცევა და მათ “კრიმინალების შესახედაობა” აქვთ.
-
მიხეილ სააკაშვილის წერილი გლდანიდან სრულად
„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან, პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი „ჟრიამული“ და არ შეწყვეტილა ეს „ჟრიამული“ ამ წუთამდე. ხოლო, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაიგდეთ ხელში“. და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე, – წერს სააკაშვილი და განაგრძობს, – შემდეგ, გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად, ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე, როგორც პალატაში, სადაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს, მართლაც, ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ შეურაცხყოფის და ძალადობის შემდეგ, აღელვებით. ყველანი იქცეოდნენ, როგორც ნამდვილი კრიმინალები“.