სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტი ციხიდან გაიყვანეს. როგორც ალსანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას სააკაშვილთან შესვლა უნდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ იყო ცნობილი, თუ სად იყო გადაყვანილი მესამე პრეზიდენტი.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით”, – წერია მათ განცხადებაში.
რა მოხდა
ექსპრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, ადგილზე იყო ბრონირებული მანქანები და ვერტმფრერი.
“გაირკვა, რომ გაქრა. ვერ შევდივართ აღარ არის, სადღაც გაიყვანეს, როგორც ჩანს. ინფორმაცია არ მაქვს. თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს… გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. არ არის ადამიანი, მორჩა. არ მაქვს ინფორმაცია და მაქვს მხოლოდ ვარაუდი, რაც დავინახე ჩემი თვალით -როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა, როგორ გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ. ფაქტია ჩემი შვილი აღარ არის ამ ციხეში”, – ამბობს ალასანია.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადააფრინეს, თუმცა გორის ჰოსპიტალის წარმომადგენელი ამბობს, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. მისივე თქმით, კლინიკა მრავალპროფილურია და ყველანაირი ტექნიკითაა აღჭურვილი.
“მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა გახლავთ მრავალპროფილური, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პაციენტის მიღება შეგვიძლია. ტექნიკურადაც აღჭურვილი გახლავართ”, – ამბობს ექიმი.
დღესვე მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებდა, რომ ანალიზების პასუხების მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
“ანალიზების პასუხების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, მდგომარეობის საერთო გაუარესება იყო და კონსილიუმმა მიიღო ერთხმად გადაწყვეტილება, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის გადაუდებელი გადაყვანა, მკურნალობა, დიაგნოსტიკა მრავალპროფილურ კლინიკაში”, – თქვა ყიფშიძემ.
● თითქმის ერთი თვეა სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი