„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.
პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვირის ბოლომდე პარლამენტს მთავრობის სრული შემადგენლობა წარედგინება.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა უახლოეს ორ-სამ დღეშიც წარუდგინოს.
„დღეს ოფიციალურად შემოვა პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თაობაზე. ამის შემდეგ გიორგი გახარიას კვირა დღის ჩათვლით აქვს დრო, რათა დასახელდეს მთავრობის შემადგენლობა. უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციები და ამის საფუძველზე, კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შეიძლება, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
_____________________________
● TI: კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს
ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.
პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.