პრემიერ ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ.
● სამხრეთ კავკასიაში რუსეთს თურქეთი და აზერბაიჯანი ცვლის. სად ვართ ჩვენ? – პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი
● მოსაზრება: რატომ სჭირდებათ ერთმანეთი საქართველოს და სომხეთს
● საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 6 თვეში რეკორდული მაჩვენებელი შეადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში მოლაპარაკებები 31 ოქტომბერს გამართეს. სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები შეთანხმდნენ ძალის გამოუყენებლობაზე და პრობლემების სუვერენიტეტის აღიარების პრინციპის გათვალისწინებით მოგვარებაზე.
“პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას და გამოხატეს მზადყოფნა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დადებული შეთანხმებების შესრულებაზე.
ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მიესალმებიან რუსეთის როლს მოლაპარაკებებში და მის მზადყოფნას, განაგრძოს სახელმწიფოებთან თანამშრომლობა კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის.” – წერია განცხადებაში.