პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. არ იგეგმება ლოქდაუნი
საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.
პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ შეზღუდვები გაფართოვდება. მან ასევე ისაუბრა მასობრივ ლოქდაუნზე და უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ქვეყნის დაკეტვა.
ცქიტიშვილის განმარტებით, საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებიც წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.
„ჩვენ მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ეფექტურია და გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაია ცქიტიშვილიც ინფორმაციით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს.
“დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. შესაბამისად, ის სახლიდან აგრძელებს მუშაობას. ქალბატონი ნათია თურნავა და ბატონი მიხეილ ჩხენკელი არიან თვითიზოლაციაში. მათ დღეისთვის არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი. შესაბამისად, ისინი თავს კარგად გრძნობენ და ელოდებიან ტესტის პასუხებს”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.
● საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
● ამირან გამყრელიძე: ვირუსი უკან არ იხევს, გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი