ოპოზიცია პარლამენტთან დარჩება და გადაადგილებაზე შეზღუდვას არ დაემორჩილება
ოპოზიციის ლიდერებმა დღევანდელი სამოქმედო გეგმა გაახმოვანეს: მათი ნაწილი 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება და ღამე პარლამენტთან დარჩება.
მათ შორის, ვინც წესს დაარღვევს ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და სხვები არიან.
● მიტინგი პარლამენტთან და აქციის დაშლა ცესკოსთან. ვიდეოისტორია
● აქციის დაშლის ღამე. რას აპირებს ოპოზიცია? ქრონოლოგია და ფოტოები
„ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დავრჩეთ. მე აქ დავრჩები ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დარჩეთ. ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას თუ არ დარჩებით, რადგან საკმარისად დავრჩებით, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბებიები, ბაბუები, უფროსი თაობის წარმომადგენლები და მათ შორის, ახალგაზრდების ნაწილიც, ყველანი უნდა დავრჩეთ. რთული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა ისეთი შექმნა ამ რეჟიმმა, რომ ჭკუით უნდა ვებრძოლოთ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ამიტომ არ მინდა გთხოვოთ, რომ დარჩეთ”, – განაცხადა მელიამ.
გიგი უგულავას თქმით კი, რუსთაველის გამზირზე იმის სადემონსტრაციოდ რჩება, რომ “თავსმოხვეულ კომენდანტის საათს არ იღებს”.
„რა კომენდანტის საათზე ლაპარაკობთ? ამას არავინ მიიღებს“, – თქვა უგულავამ და აქციის მონაწილეებს მიმართა, გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მისი განცხადებით, შეზღუდვა არის მიმართული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე.
„სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს შეკრება 10:00 საათზე და მე პირადად აუცილებლად ვუერთდები და მათ გვერდით ვიქნები. ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არ არის, გუშინ მოწმენდილ ცაზე დაიწყეს ჭავლის მიშვერა ადამიანებზე და დღეს მე აუცილებლად ვიქნები. ეს არის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაზე მიმართული ღონისძიებები და კოვიდისთვის აუცილებელი ღონისძიებები და მე დღეს ვიქნები სამოქალაქო აქტივისტების გვერდით“, – აცხადებს ხოშტარია.
● “ნუ გვაბრმავებ!” – ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს
აქვე გაჟღერდა სხვა გეგმაც: ნიკა მელიამ შეკრებილ მომიტინგეებს ამ სიტყვებით მიმართა: მეორე ტურის დროს გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ.
„მეორე ტურებს რაც შეეხება, მარტო რომ ატარებენ, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს იქნება და ამასთან დაკავშირებით „გირჩს“ და ქალბატონ თაკო ჩარკვიანს აქვთ ძალიან კარგი იდეა, მაშინ, როცა მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ, ცოცხალ, მრავლმწკრივიან ჯაჭვში და ამით მსოფლიო დაინახავს, რომ ხალხი დგას გარეთ, აპროტესტებს და ძალდატანებით საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე, ესეც დიდი დარტყმა იქნება, იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს მეორე ტური, როცა იქნება, ვიდრე არჩევნებზე მიმსვლელი იქნება, ესეც ჭკუით გამარჯვება იქნება ამ უზნეო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მელიამ
აქვე დაანონსდა შემდეგი აქციის თარიღიც – 14 ნოემბერი, შაბათი.
„ეს გამზირი უნდა გადაივსოს შაბათს, 3 საათზე და გადაივსება“ – მიმართა მომიტინგეებს ნიკა მელიამ.
რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
დაკავება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რაც შეშის შეტანას უკავშირდება. პოლიცია აქციის მონაწილეებს შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევს. დაკავებულია მოძრაობა “სირცხვილიას” სამი აქტივისტი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.