ნავალნის დაკავების გამო ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის მაღალჩინოსნებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და დევნის გამო სანქციები დაუწესა.
რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ცნობით, სანქციები დაუწესდა რუსეთის გენერალური პროკურორ იგორ კრასნოვს, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინს, “როსგვარდიის” დირექტორ ვიქტორ ზოლოტოვსა და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ნოვიჩოკის ქიმიური საშუალებით მოწამლვას სასწაულებრივად გადაურჩა, აეროპორტში, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს.
რუსეთის სასამართლომ მას ადრინდელი პირობითი სასჯელი სამწლინახევრით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების გაფართოებაზე. ისინი იმ პირებს შეეხება, ვინც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ”პასუხისმგებელნი არიან მის დაპატიმრებაზე, ბრალდების წაყენებასა და განაჩენზე”.
- ფარნები, სიყვარული და ნავალნი. მორიგი აქცია რუსეთში
- ახალი საპროტესტო აქციები რუსეთში ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით. ფოტო, ვიდეო
- “თავისუფლება ნავალნის!” მრავალათასიანი აქციები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად მთელ რუსეთში. ფოტო, ვიდეო
მათ, ვინც სანქციების ქვეშ მოხვდება, ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და მათი აქტივები ევროკავშირის ბანკებში გაიყინება.
ევროკავშირმა გასული წლის ოქტომბერში უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ ნავალნის მოწამვლის გამო.
2 მარტს შეერთებულმა შტატებმა ასევე სანქციები დაუწესა რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და დევნაზე.
ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. შავ სიაში როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები მოხვდნენ, თუმცა ისინი ჯერ არ დაუსახელებიათ.
ეს ზომები შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან კოორდინაციით მიიღო.