"თავისუფლება ნავალნის!" მრავალათასიანი აქციები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად მთელ რუსეთში. ფოტო, ვიდეო
მასობრივი საპროტესტო აქციები 23 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლება იყო.
აქციები და მსვლელობები რუსეთის ბევრ დიდ ქალაქში გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი აქციები მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. როიტერის მონაცემებით, მოსკოვში აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 40 ათას ადამიანს გადააჭარბა.
მომიტინგეები სკანდირებდნენ “თავისუფლება ნავალნის!”, “პუტინი ქურდია” და “რუსეთი თავისუფალი იქნება”.
მომიტინგეების წინააღმდეგ მობილიზებული იყო პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები. გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ცნობით, 23 იანვრის საღამოსთვის ქვეყნის მასშტაბით 1,800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 600-ზე მეტი მოსკოვში.
დააკავეს და ცემეს რამდენიმე ჟურნალისტი. აქციის დაწყებამდე კი ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია დააკავეს.
მოსკოვში რამდენიმე შეტაკება მოხდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ხელისუფლების ცნობით, 39 ძალოვანი დაშავდა.