საქართველო თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს
NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანები
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება დღეს, 7 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანები გადმოეცემა.
“ჯავშანმანქანები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
2022 15 სექტემბერს მოსკოვმა განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში ჩატარებულ სწავლებას “ღირსეულ პარტნიორ 2022-ს.” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მათ ყურადღება მიაქციეს იმას, რომ “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” მრავალეროვნული ორკვირიანი სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა მათ შორის ბლოკის მძიმე ტექნიკის გადასროლა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად თურქეთიდან სახმელეთო გზით.
როგორც სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა აღნიშნა, მოსკოვი ხედავს NATO-ში საქართველოს “ჩათრევის” განგრძობად კურს, “მათ შორის ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით ჩატანითა და აშშ-ს მონაწილეობით სამხედრო სწავლებების ჩატარებით”, რაც, მისი თქმით, არამხოლოდ რუსეთის ინტერესებისთვის გამოწვევაა, არამედ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეს ქმნის.
წელს საქართველომ “ღირსეულ პარტნიორს” მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა.