საქართველო "ღირსეულ პარტნიორს" მეექვსედ უმასპინძლებს
საქართველო “ღირსეულ პარტნიორს” მეექვსედ უმასპინძლებს
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება “ღირსეულ პარტნიორს” უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნების დაწყებაზე საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
როგორც ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, “ღირსეული პარტნიორი 2022”-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
სწავლებაში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება. 2017 წელს წვრთნების მონაწილეებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიმართა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.
„ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პოზიციას, რომ ჩვენ ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდზე ვდგავართ, ასევე თქვენ მისწრაფებაში გიჭერთ გაწევრიანდეთ ჩრდილოეთ ატლანტიკურ ორგანიზაციაში,“ – განაცხადა მაშინ პენსმა.
წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.