მოსკოვის გზავნილი: თბილისი-NATO-ს ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად გავითვალისწინებთ
მოსკოვის გზავნილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოში ჩატარებულ სწავლებას “ღირსეულ პარტნიორ 2022-ს.”
“თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ”, – აღნიშნა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა.
მისივე თქმით, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” მრავალეროვნული ორკვირიანი სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა მათ შორის ბლოკის მძიმე ტექნიკის გადასროლა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად თურქეთიდან სახმელეთო გზით.
როგორც გონჩაროვი განმარტავს, მოსკოვი ხედავს NATO-ში საქართველოს “ჩათრევის” განგრძობად კურს, “მათ შორის ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით ჩატანითა და აშშ-ს მონაწილეობით სამხედრო სწავლებების ჩატარებით”, რაც, მისი თქმით, არამხოლოდ რუსეთის ინტერესებისთვის გამოწვევაა, არამედ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეს ქმნის:
“საქართველოში “არსებითი მხარდაჭერის” მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული, რომ თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ.” – განაცხადა გონჩარმა.
● კომენტარი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორ დასრულდება ის რუსეთისთვის
● ФСБ-ს ყოფილი ჯაშუშები ამბობენ, რომ საქართველოში სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
ამასთან ერთად, 6 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვით ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.
წელს საქართველომ “ღირსეულ პარტნიორს” მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა.
მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი.
წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.