NATO-ს დეკლარაცია: გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა
NATO-ს დეკლარაცია
NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ალიანსმა პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტა.
როგორც დეკლარაციაში წერია, ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის შემდეგ, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს მიეღოთ ახალი ზომები ჩვენი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
“ჩვენ ვიმუშავებთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას.” – წერია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები და აზრთა გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან და ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.
სამიტზე მიიღეს NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციაც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.
28 ივნისს მადრიდში ნატოს სამდღიანი სამიტი დაიწყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტს უკვე უწოდა “ალიანსისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი” უწოდა. სამიტზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ რუსეთისა და უკრაინის კონტექსტში და ასევე მომავალი გაფართოების თვალსაზრისით.
კერძოდ კი, მთავარი განსახილველი თემა იქნება ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება, ასევე ნატოს საზღვრების გაძლიერება აღმოსავლეთის მიმართულებით რუსეთის საზღვრებთან და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოსკენ ისწრაფვიან, კიდევ ერთხელ ერთგულების დადასტურება და ახალი გეგმის შეთავაზება.
როგორც მთავრობის კანცელარიაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი “ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს”.