მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბერს? დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამის წინააღმდეგია
დაავადებათა კონტროლის ცენტრი წინააღმდეგია, რომ 24 დეკემბერს კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.
ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს თქვა, რომ “ცენტრი არის ძალიან რადიკალური” და “მომხრეა მხოლოდ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების”.
“არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს,” – ამბობს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ვირუსის შეკავების თვალსაზრისით, შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია, თუმცა ორ დღეში შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაიყაროს, თუ 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნება და კვლავ გაივსება მაღაზიები და საჯარო ადგილები ხალხით.
“შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და ისევ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ის ასევე მოსახლეობას მოუწოდებს, წელს განსხვავებულად, მოკრძალებულად აღნიშნონ შობა და ახალი წელი:
“დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ”.
____________________
● ამირან გამყრელიძე: მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
● როდესაც მხოლოდ ღარიბები დაიღუპებიან – ბრძოლა კორონვირუსის ვაქცინისთვის
______________________
ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები, ოფიციალური პირები.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას სიტყვებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა შეზღუდვა მოიხსნება 24 დეკემბერს.
„ჩვენი რეკომენდაციაა, დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაბამისად მივიღოთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სავაჭრო ქსელების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, “დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, რადგან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა და მთავრობა უფრთხილდება ამ მიღწევას”. თურნავას თქმით, ის პრემიერ-მინისტრის დავალებით უახლოეს დღეებში არასასურსათო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდება.
______________________________________________
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში იკლო კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. თუ მანამდე ხუთი ათასამდე შემთხვევა იყო, ახლა ოთხი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო 24 საათში, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 39 ადამიანი.
● სულ საქართველოში დადასტურებულია 198 387 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 1 922
● გამოჯანმრთელებული – 167 281
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 29 158