ამირან გამყრელიძე: მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა ბოლო 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ.
როგორც გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, 400-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, არიან კრიტიკულად მძიმე პაციენტები და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
“სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო, როგორც წესი, 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა როდესაც იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქებასთან მიმართებაში.
“კარგად უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას ამ კვირის განმავლობაში და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, მაგრამ ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ არის.
“ეს არის იმ შემზღუდველი ღონისძიებების შედეგი, რომელიც ქვეყანაში ნომებრის ბოლოს დაწესდა. 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ, ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა”, – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, თუ გვსურს ეს ზამთარი შედარებით ნაკლები ინფიცირებით გაიაროს ქვეყანამ და გარკვეული პერიოდის შემდეგ სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდეს, ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
________________________
დღეს საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით
გარდაიცვალა 49 ადამიანი.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 191 063 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი – 1 839
● გამოჯანმრთელებული – 161 681
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 27 517