მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მილიონი დოზა სინოფარმი და სინოვაკი საქართველოში კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს.
მინისტრის განცხადებით, ამ ვაქცინებით შესაძლებელი იქნება მასობრივი აცრის დაწყება და მოსახლეობის სრულად აცრა.
“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია”, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისივე განცხადებით, ფაიზერის შემოსვლის თარიღი მთავრობაში დადასტურებულად იციან, თუმცა, კონტრაქტიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებენ.
მინისტრმა ისაუბრა ტურისტების შესახებაც. მისი თქმით, ტურისტები ორჯერადად აცრის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლისას უნდა გაიტესტონ.
”დაცვა უნდა იყოს ორმაგი. ეს გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გაცილებით მეტი გარანტი იმისა, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება იქნება გაცილებით უსაფრთხო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებს მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და სხვა უწყებების ჩართულობით მოხდეს ამის კონტროლი. ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ტურისტი, რომელიც არის ორჯერადად აცრილი, მიუხედავად ვაქცინაციის სრული კურსისა, დამატებით იყოს საქართველოში გატესტილი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს რეგულაცია, მსგავსი პრაქტიკები სხვა ქვეყნებშიც არის სრულიად სამართლიანად“, – განაცხადა ტიკარაძემ.
_____________________________________________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
● აფხაზეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო
____________________________________________________________