მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქოდნათ წინასწარ იფნორმაცია მისი გადაადგილების შესახებ და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია და შეირჩა ისეთი დრო, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.
“ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია, მისი გადადგილების შესახებ. დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით. ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
● ჩამოვა – არ ჩამოვა. რას ფიქრობენ საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე და რა იქნება შემდეგ?
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
მანამდე 27 სექტემბერს, სააკაშვილმა გაავრცელა მიმართვა, სადაც ამბობდა, რომ 12 ოქტომბერს, თვითმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, სააკაშვილს საქართველოში 2 ოქტომბერს ღამე ელოდნენ.
საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
ერთ-ერთ საქმეზე მას 6 წლით აღკვეთილი თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი ექსპრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა, იგი უნდა დაეკავებინათ.