მიხეილ სააკაშვილი: ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება
ადვოკატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულეს და იქიდან გამოსულებმა მისი წერილი გააცნეს საზოგადოებას.
სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.
“ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის რა თქმა უნდა უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა, მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. “ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილი მხნედ გამოიყურება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● საპატრიარქო სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. ექს-პრეზიდენტი უარზეა
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
მიხეილ სააკაშვილი უკვე მეთერთმეტე დღეა შიმშილობს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილი თაფლისა და წვენის მიღებაზეც უარს ამბობს და ის ამჟამად მხოლოდ წყალს სვამს.
ექიმი ამბობს იმასაც, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია და ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი, რადგან ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს – უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც იგი ფარულად დაბრუნდა სამშობლოში.
მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ერთ საქმეზე იგი უკვე გასამართლებულია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ძებნილის სტატუსის მქონე ექს-პრეზიდენტი დაკავებისთანავე რუსთავის 1212 საპყრობილეში გადაიყვანეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.