აზერბაიჯანში ორდღიანი სრული ლოკდაუნია მოსალოდნელი. მოსახლეობა უმაყოფილოა
მომავალ კვირასა და ორშაბათს, ანუ 14-15 ივნისს, აზერბაიჯანის დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სახლიდან გასვლას ისევ აუკრძალავენ და ყველა მაღაზია და აფთიაქებიც კი დაკეტილი იქნება. კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ეს მეთოდი ხელისუფლებამ პირველად წინა უქმეებზე გამოსცადა. და ამას ის მოჰყვა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობის გრადუსმა უკიდურესად იმატა.
მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ზოგიერთმა მომხმარებელმა შეიტყო, რომ მინისტრთა კაბინეტთან არსებული შტაბი, ყველაფრის მიუხედავად, ამ ექსპერიმენტის გამეორებას ისევ აპირებს, მათ ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ლოკდაუნის გაუქმების თხოვნით, კოლექტიური წერილი მისწერეს.
• როგორ გამოიყურება ბაქო ფანჯრიდან – სხვანაირად მისი დანახვა ახლა შეუძლებელია
• კორონავირუსი და კანონი: აზერბაიჯანული კარანტინის იურიდიული მხარე
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 8191 ფაქტია გამოვლენილი. 4606 ადამიანი განიკურნა, 98 – გარდაიცვალა, 3487 – მკურნალობას აგრძელებს. ყოველდღიურად დაახლოებით 300 ახალი შემთხვევა ვლინდება.
მთლიანობაში აზერბაიჯანში საგანგებო საკარანტინო რეჟიმი, რომელიც 15 ივნისს უნდა დასრულებულიყო, 1 ივლისამდეა გაგრძელებული. მაგრამ 15 ივნისს ქვეყნის შიგნით ზოგიერთი ავიარეისი განახლდება.
რა ხდებოდა მანამდე
მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, პოლიციის მანქანას ნაგავი დააყარეს.
დილით ამ სახლში ომონელების ჯგუფი შეიჭრა, 11 ადამიანს ხელები გადაუგრიხეს და წაიყვანეს. ამ დაკავების კადრები ინტერნეტში მოხვდა, რასაც გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა. სოციალური ქსელები დაიყო ისეთ ადამიანებად, რომლებსაც პოლიციისადმი სიძულვილი გაუჩნდათ, და ისეთებად, ვინც დამნაშავეებად თავად დაკავებულებს მიიჩნევდა.
აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიას იბრაგიმოვმა ამასთან დაკავშირებით აქცია გამართა – ის საკუთარი სახლის სახურავზე ავიდა და ხალხს მოუწოდა, რომ პოლიციის განუკითხაობას წინ აღდგომოდნენ.
ამ ყველაფრის ფონზე ბევრი უკვე კორონავირუსს ნაკლებ ბოროტებად აღიქვამს.
რა იქნება ამჯერად?
წინა ლოკდაუნისგან განსხვავებით, მოქალაქეებს ძაღლების გასეირნების და საკუთარი ავტომობილებით გადაადგილების ნებას დართავენ; ეს უკანასკნელი – მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. სხვა დანარჩენი ისევე იქნება, როგორც წინა ჯერზე.
ბევრმა აზერბაიჯანელმა ეს ცნობა საშინელებად აღიქვა და დეპრესიაში ჩავარდა. ბევრი სერიოზულად შიშობს, რომ პოლიციის განუკითხაობის ფონზე ამგვარ გაუმართლებლად მკაცრ ზომებს, შესაძლოა, უფრო სერიოზული პროტესტი მოჰყვეს, ვიდრე აქამდე.
JAMnews-ის პოლიტიკურ მიმომხილველს შაჰინ რზაევს მიაჩნია, რომ:
„ოპერატიული შტაბი მეფე ნიკოლოზ მეორეს გარემოცვასავით იქცევა. თითქოს ინფექციასთან ბრძოლას ცდილობს, ამის ნაცვლად კი, რევოლუციის მოახლოებას უწყობს ხელს“.