Le Figaro: "საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს"
Le Figaro საქართველოზე
ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელშიც ავტორი, იზაბელ ლასერი ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და მმართველ ძალას აკრიტიკებს. სტატიის სათაურია: “საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს.”
ლასერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგრესია უკრაინაში არ დაგმო და არც კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.
სტატიის მიხედვით, დონბასში შეტაკებების პარალელურად რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვა გზებითაც იბრძვის, რის ერთ-ერთი მაგალითიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა.
„მაშინ როცა დონბასში შეტაკებები ყოველდღიურად მძვინვარებს, რუსეთის ომი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვა გზებითაც ხორციელდება. ვლადიმერ პუტინის N1 საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2004 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისი ქვეყანა, საქართველო, საბაზრო ეკონომიკაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებით, დასავლურ დემოკრატიულ ოჯახს მიუერთა, 54 წლის ასაკში ციხეში ნელ-ნელა კვდება.
მისი ახლობლების თქმით, ყოფილმა ქარიზმატულმა და პროევროპულმა პრეზიდენტმა შესაძლოა დიდხანს ვეღარ გაუძლოს იმ არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიცაა.“ – წერს სტატიის ავტორი.
სტატიას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, ეს არის მორიგი ბინძური სტატია, რომელიც რაფაელ გლუკსმანის მიერაა შეკვეთილი:
“კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო რაფაელ გლუკსმანი – ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იმ დროს, როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. გლუკსმანი შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია.”
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურით – “პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში” – სადაც საუბარი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას, სასამართლო სისტემას და “ქართული ოცნების” საშინაო პოლიტიკას ეხება.
იან კელისა და დევიდ კრამერის თქმით, “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებს, ეწყინება თუ არა პუტინს. ასევე, მათი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ხელში იგდებს ძალაუფლების ყველა სადავეს.